ბულგარულ რუსეში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა კვალად, გოგონათა პირველობის ჯერიც დადგა, სადაც საქართველო ერთადერთი მონაწილით წარსდგა.
ლიანა ალმეევა (მაჭარაშვილი) 48 კგ. წონით კატეგორიაში ჩაერთო და პირველ რაუნდში ნორვეგიელ სილიე კნუტსენ კიპერნესთან უშანსოდ – 0:6 დამარცხდა. ვინაიდან მოგვიანებით სკანდინავიელი ფინალამდე მივიდა, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა, იქაც წააგო. ამჯერადაც, 0:6 – აზერბაიჯანელ ჰანა პავლივთან.
შეგახსენებთ, რომ ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარეთში 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველობა არავის დაუთმო.
არანაკლებ წარმატებას ველით საქართველოს 23-წლამდელთა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისგანაც, რომელიც რუსეში შემდეგი შემადგენლობითაა ჩასული.
57 კგ. – თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
61 კგ. – შოთა ფარტენაძე (აჭარა)
65 კგ. – ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)
70 კგ. – დავით ბუზიაშვილი (ხაშური)
74 კგ. – ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ. – ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ. – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
125 კგ. – გენო პეტრიაშვილი (გორი)
“თავისუფლები” ევროპის ჩემპიონატზე 2-3 აპრილს იასპარეზებენ, ემზარი ბედინეიშვილის, ოთარ თუშიშვილის და გოჩა კირკიტაძის მიერ დარიგებული გუნდის კაპიტანი კი ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) იქნება.