რაგბი

18:29 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

Daily Telegraph: რაგბი ფეხბურთს ემსგავსება?

მას შემდეგ, რაც რაგბი პროფესიული სპორტი (1995 წ.) და შესაბამისად, ფულის შოვნის საშუალება გახდა, რაგბისთვის არატრადიციული და არაჯანსაღი ტენდენციები შეინიშნება. ამ თემას ბრიტანულმა გამოცემა Daily Telegraph-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა.

გამოცემამ ჩაატარა გამოკვლევა, რომლის თანახმად რაგბი - როგორც სპორტული ღირებულება, ნელ-ნელა კარგავს თავის მნიშვნელობას. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რაგბი ძირითად მაჩვენებლებში ფეხბურთს ემსგავსება.

კვლევის მთავარი თემა მორაგბეების მსაჯებისადმი დამოკიდებულება იყო. ბოლო დროს, რაგბის მსაჯებზე მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გახშირდა. არადა, რაგბის ქომაგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი საყვარელი სპორტი ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

მკვლევარებმა რაგბის ასზე მეტ მსაჯს სოციალური კითხვებით მიმართეს: გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ მის მიმართ ყოფილა შეურაცხყოფა, აქედან 90% თვლის, რომ იგი სიტყვიერად შეურაცხყვეს, ხოლო 10% ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. 74%-ის თქმით, შეურაცხყოფის გამომწვევი მატჩის დაძაბული მიმდინარეობა შეიძლება იყოს. მსაჯების 86% მიიჩნევს, რომ ისეთი ცნებები, როგორიცაა პატივისცემა და რაგბის ღირებულება, ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს.

„კვლევის შედეგები დიდად არ განსხვავდება ფეხბურთისგან და გვიჩვენებს, რომ სერიოზული პრობელემების წინაშე ვდგავართ. მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები, გასნაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახშირდა“ - აცხადებს აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი ორგანიზატორი ტომ უები.

აგრესორთა შორის თანაბრად არიან როგორც ქომაგები, ასევე მწვრთნელები და მოთამაშეები. კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, სახელად ალბერტი ჰყვება:

„აგრესია მხოლოდ უფროსი მოთამაშეებისგან არ მოდის, სამწუხაროდ, შეურაცხყოფის ფაქტები ახალგაზრდა მორაგბეებისგანაც ფიქსირდება. მე რაგბის თამაში 1970-იან წლებში დავიწყე, ხოლო 90-იანებში დავასრულე. ამ პერიოდში მსაჯის მიმართ აგრესიის გამოვლენა მკაცრად ისჯებოდა, კაპიტნები მაშინვე აღკვეთდნენ ხოლმე ასეთ ფაქტს. მსაჯებს პატივს ისე აღარ სცემენ, როგორც ეს ძველად იყო. მწვრთნელები თავს უფლებას აძლევენ მოედნის გარედან მისცენ შენიშვნები მსაჯებს. მათ ქომაგი ბაძავს, ბოლოს კი, აგრესია მოედანზეც გადადის“.

ხდება უფრო მწვავე შემთხვევებიც, მაგალითად, ჰემპშირში გამართულ მატჩში მსაჯს ორივე გუნდის მოთამაშეები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც შეხვედრის მე-15 წუთზე არბიტრმა მოედანი დატოვა და მატჩი შეწყდა.

აგრესიის ზრდასთან ერთად, დისციპლინარულ კომიტეტებსაც ბევრი საქმე გაუჩნდა. გასულ წელს კორნუოლში „რედუტის“ მოთამაშე 18-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის.

„ასეთი შემთხვევები გახშირდა. რამდენიმე მსაჯმა შეურაცხყოფას ევრ გაუძლო და მატჩი შეწყვიტა. ჩვენ ამას არ მოვითმენთ, დამნაშავეები დაისჯებიან“ - აცხადებს კორნუოლის ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის უფროსი გრემ პონსერფორტი.

სამწუხაროდ, მსაჯის მიმართ აგრესიის გამოვლენის ფაქტები ქართულ მოედნებზეც მომრავლდა და იმედია, ამგვარ ტენდენციას გაგრძელება არ ექნება.

უჩა გოგიძე

www.worldrugby.ge

0.131422