ავტოსპორტი

15:03 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაიკონენს ბაჰრეინში ძრავს არ შეუცვლიან

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლისას, კიმი რაიკონენის ბოლიდზე ძრავს ცეცხლი მოეკიდა, „ფერარიმ“ მაინც გადაწყვიტა, რომ ბაჰრეინში თავის ფინელ პილოტს ძალური დანადგარი არ შეუცვალოს. იტალიურ გუნდში დაადგინეს, რომ ხანძარს აგრეგატი არ დაუზიანებია.

რაიკონენი მესამე ადგილზე იყო, როცა პიტლეინისკენ გადაუხვია. და როგორც კი გაჩერდა, მისი მანქანის ძრავის ჰაერის ამღებიდან ცეცხლის ალი გამოჩნდა. მას უმალ ურჩიეს ძრავის გამორთვა. და როგორც ჩანს, აგრეგატი დაზიანებას სწორედ ამის წყალობით გადაურჩა, რადგან გამორთვის შემდეგ, ცეცხლიც სწრაფად ჩააქრეს და მან შიდაწვის ძრავის და მისი ელემენტების დაზიანება ვერ მოასწრო.

მომხდარის გაანალიზების შემდეგ, „ფერარიში“ ჩათვალეს, რომ ძრავი შესაცვლელი არ არის. ყოველ შემთხვევაში, რაიკონენი მას ბაჰრეინის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე გამოიყენებს. ცნობისათვის, რბოლა საღამოს ტარდება, რა დროსაც, ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაბალი იქნება და ძრავსაც ექსტრემალურ პირობებში მუშაობა აღარ მოუწევს.

რაც შეეხება ხანძარს, ის ტურბინის დაზიანებამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, ტურბო კომპრესორი გახდა რბოლიდან რაიკონენის გამოთიშვის მიზეზიც. ამგვარად, კიმისთვის ეს მეორე ტურბინა იქნება, თუმცა ამისთვის სტარტზე უკან დაწევა არ მოუწევს, რადგან სეზონში ხუთი ტურბინის გამოყენების უფლება აქვს.

0.166211