დღეს ახალ სპორტის სასახლეში კალათბურთში საქართველოს თასის მეოთხედფინალური შეხვედრა შედგა, სადაც სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი „დინამო“ ვთბ-ლიგის მონაწილე „ვითას“ დაუპირისპირდა, რომელიც პარალელურად „ა“ლიგაში თამაშობს და სუპერლიგის საგზურისათვის იბრძვის.
შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ოვერტაიმში გადაწყდა. 86:80 გაიმარჯვა „დინამომ“, რომელიც ნახევარფინალში „რუსთავს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა „ვითას“ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი მეოთხედი 26:15 მოიგო. ამის შემდეგ „დინამო“ გააქტიურდა, რომელმაც ანგარიში არა მარტო გაათანაბრა, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და სამი მეოთხედის შემდეგ 59:55 დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში „ვითამ“ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ძირითადი დრო ფრედ 75:75 დასრულდა. ოვერტაიმი „დინამომ“ უკეთ ჩაატარა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი „დინამოს“ უკანახაზელმა, ამერიკელმა ლეგიონერმა ჯუევალ მაილსმა აჩვენა, რომელმაც 25 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. „ვითას“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი უკანახაზელი ანდრე ჯონსი იყო, რომელმაც 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ფინალში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა „სოხუმმა“, რომელიც ფინალში „რუსთავსა“ და „დინამოს“ შორის გამარჯვებულს ელოდება.
დინამო - ვითა 86:80 (15:26, 20:13, 24:16, 16:20, 11:5)







