ფეხბურთი

17:00 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქომაგები: "შეიგრძენით რას ნიშნავს ქართველობა"...

"ქართული სპორტის ქომაგები" საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავენ. ისინი ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის წევრებს, მეტ პასუხისმგებლობას, ბრძოლას, ჟინს სთხოვენ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის გულითა და თავაწეული სიმღერას და შეგრძნებას, თუ რას ნიშნავს ქართველობა...

ამის შესახებ "ქართული სპორტის ქომაგები" თავიანთ ფეისბუქგვერდზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებენ და ფეხბურთელებს საჯაროდ მომართავენ. ამავე განცხადებას აქვე, უცვლელად გთავაზობთ:

"ქართული სპორტის ქომაგები" 6 წელია რაც ვარსებობთ. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ორგანიზაციას არც ერთი საფეხბურთო მატჩი არ გამოუტოვებია, სადაც არ ვყოფილვართ და გვერდში არ დავდგომივართ ჩვენ ნაკრებებს, იქნებოდა ეს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი თაობები. ჩვენთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონია, თუ სად ტარდებოდა მატჩი, თბილისში, გორში, ზესტაფონსა თუ ქუთაისში. ვქომაგობთ ყველგან და ყოველთვის, მიუხედავად ანგარიშისა და ჩვენი რაოდენობისა (ზოგჯერ 5, ზოგჯერ 1500 ქომაგი). ჩვენი ბიჭები არასდროს დაგვიღალატებია და მათგანაც ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვდით. მაქსიმუმს მათი შესაძლებლობებისა, ზოგჯერ შეიძლება მეტსაც, მაგრამ ჩვენი უპირველესი მოთხოვნა ყოველთვის იყო, "ბრძოლა, ჟინი, თავდადება".
გუშინ საკმაოდ ციოდა, თუმცა, ჩვენთვის ცუდი ამინდი დაბრკოლება არასდროს ყოფილა მითუმეტეს ახალი წელი, ახალი ფედერაცია, ახალი მწვრთნელი, განახლებული იმედები და სულაც, რომ ეთოვა, ან თბილისს თალხი დაეხურა ქომაგები "დინამო არენაზე" ჩვეულად ვიგუგუნებდით. გუშინდელ მატჩზე შევეცადეთ საფეხბურთო გარემო შეგვექმნა და ქალაქში ქომაგური მსვლელობაც მოვაწყვეთ. შეძახილებით, სიმღერებით და პირო-შოუებით. მოტივაცია არც ცარიელ სტადიონს დაუკარგავს და კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიწყეთ ჩვენი ნაკრების გამხნევება (ეს ჩვენი მოვალეობა, პასუხისმგებლობა და ცხოვრების წესია). 90 წუთი, ჩვენი ტრიბუნა არ გაჩერებულა, ვცდილობდით გამარჯვების მოპოვებაში დავხმარებოდით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ...
ბევრს არაფერს ვითხოვთ თქვენგან ბიჭებო (!), ქომაგები ვართ ის ხალხი, რომელიც არასდროს მიგატოვებთ, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით წაგების და მოგების დროსაც. ეს ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვინდა რომ თავაწეულებმა დატოვოთ მინდორი. ისე არ უნდა გახვიდეთ მინდვრიდან, რომ რაღაც დააკლოთ თქვენს შესაძლებლობებს, მხოლოდ ერთს ვითხოვთ მინდორზე, იბრძოლეთ ბოლომდე, დაგვანახეთ, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებთ, ჩვენც თქვენ გვერდით ვიბრძოლებთ ტრიბუნიდან და თქვენთან ერთად გავიზიარებთ ყველაფერს. გაითავისეთ კარგად, თუ რა არის თქვენს მაისურებზე ამოტვიფრული, გაითავისეთ, რომ ჰიმნის დროს თავაწეულებმა, გულით იმღეროთ და შეიგრძნოთ რას ნიშნავს სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ვინ დგას ტრიბუნაზე თქვენი თამაშის სანახავად,იმედების გასამართლებლად (ვიღაცებისთვის 5 ლარი არაფერია, მაგრამ გუშინ სწორედ ის ხალხი იყო მოსული სტადიონზე, ვისთვისაც ეს თანხაც ბევრს ნიშნავს)... იბრძოლეთ თითოეული მაყურებლისთვის, ვინც ტრიბუნაზეა, ვინც ტელე-ეკრანებიდან გიყურებთ, დედაქალაქიდან თუ რეგიონებიდან. მოგვეცით იმის საშუალება, რომ ყველგან ვიამაყოთ თქვენი თავით. ჩვენ არ გვინდა თავჩაღუნული ბიჭების ცქერა და მათი ქომაგობა. ჩვენ ჩვენი ეროვნული ნაკრებების ყოველთვის გვჯეროდა და მომავალშიც ასე იქნება, პირველები გაგაკრიტიკებთ და პირველები დაგიცავთ, მაგრამ თქვენგანაც მეტს მოვითხოვთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ვიქნებით, ვერ დაგვაშორებს ვერც ერთი მარცხი თუ ფრე.
და ბოლოს, გუშინდელი მატჩის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენი ტრიბუნისკენ წამოვიდა მადლობის (ან ბოდიშის) სათქმელად. მათ შორის თორნიკე, ყველაზე ახლოს მოვიდა. ემოციები საკმაოდ გვქონდა მოზღვავებული და ჩვენი სათქმელის მცირე ნაწილი იქვე ვუთხარით (თუმცა შესაძლოა თორნიკე ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა გუშინდელი თამაშის შემდეგ ამას). კარგი იქნებოდა, თუ ყველა გაითავისებდა თავის პასუხისმგებლობას, რაც უთუოდ ოდნავ უკეთესი მომავლის წინაპირობა იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინდელი თამაშის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების ნაწილი ქომაგებთან მივიდა, მათგან ყველაზე ახლოს თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც სხვათა შორის "დინამო არენას" მოედანი ფეხბურთელთაგან ყველაზე ბოლომ დატოვა...

0.127697