ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პარაგვაისთან სტუმრად გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.
"სელესაო" 79 წუთამდე 0:2 აგებდა, მასპინძელთაგან გოლები დარიო ლესკანომ და ედგარ ბენიტესმა გაიტანეს. კარლოს დუნგას გუნდიდან ვეტერანი რიკარდო ოლივეირა გამოირჩა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანი ალვეშმა საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა VIDEO.
იოლად მოიგო არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა. ხერარდო მარტინოს გუნდმა ბოლივია შინ 2:0 დაამარცხა VIDEO. მასპინძელთაგან გოლები გაბრიელ მერკადომ (20წ) და ლიონელ მესიმ (30წ) გაიტანეს. "ალბისელესტემ" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. "ბარსელონას" ლიდერმა კი ნაკრებში 50-ე გოლი გაიტანა და "ალბისელესტეს" ყველა დროის ბომბარდირ გაბრიელ ბატისტუტას 6 გოლით ჩამორჩება.
სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ 3 მატჩი გაიმართა. 5 ტურში წაუგებელმა ეკვადორმა ამჯერად წაიფორხილა და მეექვსე ტურში კოლუმბიასთან სტუმრად 1:3 დამარცხდა VIDEO. მასპინძლებისგან დუბლი კარლოს ბაკამ (15, 67) შეასრულა, ხოლო სებასტიან პერესმა მეტოქის კარი 48-ე წუთზე აიღო. ეკვადორისგან პრესტიჟის გოლი ბოლო წუთზე მაიკლ აროიომ გაიტანა.
ეკვადორის წაგებით ისარგებლა ურუგვაიმ და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ოსკარ ტაბარესის შეგირდებმა შინ პერუ 1:0 დაამარცხეს VIDEO. 53-ე წუთზე ლუის სუარესის გადაცემის შედეგად ედინსონ კავანიმ საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ორი მარცხის შემდეგ, კოპა ამერიკის მოქმედმა ჩემპიონმა ჩილემ ხასიათი გამოიკეთა. ხუან ანტონიო პიცის შეგირდებმა ვენესუელა სტუმრად 4:1 გაანადგურეს VIDEO. მასპინძლები რომულო ოტერომ მე-9 წუთზე დააწინაურა. სტუმართაგან კი დუბლები მაურისიო პინილიამ და არტურო ვიდალმა შეასრულეს.
სამხრეთ ამერიკის ზონაში შესარჩევი ეტაპის მატჩები აგვისტომდე აღარ გაიმართება. 29 აგვისტოს კი არგენტინა ლიდერ ურუგვაის შინ მიიღებს. ბოლივია პერუს დაუპირისპირდება. კოლუმბია ბოლოადგილოსანი ვენესუელის დამარცხებას შეეცდება, ხოლო ეკვადორის შინ ბრაზილიასთან მოსინჯავს ძალებს. ჩილეს ეროვნული გუნდი პარაგვაის შეხვდება და სატურნირო ცხრილში ადგილის გამყარებას შეეცდება.
1. | ურუგვაი | 6 | 4 | 1 | 1 | 12:4 | 13 | |
2. | ეკვადორი | 6 | 4 | 1 | 1 | 12:7 | 13 | |
3. | არგენტინა | 6 | 3 | 2 | 1 | 6:4 | 11 | |
4. | ჩილე | 6 | 3 | 1 | 2 | 12:10 | 10 | |
5. | კოლუმბია | 6 | 3 | 1 | 2 | 9:8 | 10 | |
6. | ბრაზილია | 6 | 2 | 3 | 1 | 11:8 | 9 | |
7. | პარაგვაი | 6 | 2 | 3 | 1 | 7:6 | 9 | |
8. | პერუ | 6 | 1 | 1 | 4 | 6:12 | 4 | |
9. | ბოლივია | 6 | 1 | 0 | 5 | 7:13 | 3 | |
10. | ვენესუელა | 6 | 0 | 1 | 5 | 7:17 | 1 |