ფეხბურთი

2:12 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ახალი მწვრთნელის სისტემასთან შესაგუებლად დრო გვჭირდება”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” მცველი გურამ კაშია ყაზახეთთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

კაშიას თქმით, უკანასკნელი ერთი წლის განმალობაში ნაკრებმა ორი მწვრთნელი გამოიცვალა, რაც იოლი არაა და ვაისის სისტემასთან შესაგუებლად დრო სჭირდება.

- შეაფასეთ თამაში, რა ცვლილებები იყო ახალი მწვრთნელის ხელში?

- ადრეა იმაზე საუბარი, რომ ახალმა მწვრთნელმა რაღაც შეცვალა. ამას დრო სჭირდება და ჯერჯერობით პროცესის დასაწყისია.

რაც შეეხება თამაშს, ვთვლი, რომ პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, ხოლო მეორე ტაიმში ძალიან სუსტად ვითამაშეთ. უკეთესად თამაში გვმართებს და ეს ნამდვილად შეგვიძლია.

- ერთი წლის წინ მალტის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეთ, მაშინ კახა ცხადაძეს ჰქონდა დებიუტი და მოიგეთ. დღესაც დაახლოებით იგივე დონის მეტოქეს დაუპირისპირდით და ამჯერად ვლადიმერ ვაისის დებიუტი შედგა, თუმცა სხვა შედეგი დაფიქსირდა. შეადარე ორი მწვრთნელის დასაწყისი და როგორ ფიქრობ, რა დაგაკლდათ მოსაგებად?

-ერთი წლის განმალობაში ორი მწვრთნელი შევიცვალეთ, რაც ძალიან რთულია. ორივეს სხვადასხვა ხედვა და სისტემა აქვს. მაგალითად, მალტის წინააღმდეგ სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, ხოლო დღეს ოთხმცველიანი ტაქტიკით გავედით. სულ სხვანაირი თამაში იყო და ახალი მწვრთნელის სისტემასთან შესაგუებლად დრო გვჭირდება.

-გულშემატკივრების ნაწილი ბილეთის ფასის გამო უკმაყოფილო იყო...

-მე მინდა, რომ ყველა გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე და იყოს იმის შესაძლებლობა, რომ დაესწროს თამაშს. მაგრამ, ბილეთის ფასზე მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ეს ფეხბურთელების გადასაწყვეტი არაა.

-“ვიტესში” სიტუაცია საბოლოოდ დალაგდა?

-დიახ, ყველაფერი რიგზეა.

0.11562