რაგბი

1:44 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ „ტულონთან“ 3-წლიანი გააფორმა

საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძემ, ფრანგულ „ტულონთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და იქ კიდევ მომდევნო სამი სეზონი დარჩება.

წინა შეთანხმების თანახმად, 31 წლის „გორგოძილას“ „ტულონში“ 2018 წლამდე უნდა ეთამაშა, ახლა კი, კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და სავარაუდოდ, კარიერასაც იქვე დაასრულებს.

ცოტა ხნის წინ მამუკას შეძენით პარიზული „რასინგი“ დაინტერესდა, რამაც „ტულონის“ მწვრთნელები და ხელმძღვანელობა გამოაფხიზლა და გორგოძესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე დაიწყეს ზრუნვა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

თბილისის „ლელოს“ აღზრდილი მორაგბე საფრანგეთში სათამაშოდ 2005 წელს წავიდა და „მონპელიეში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ, 2007 წლიდან ერთბაშად „იფეთქა“ და 2014 წლამდე ამ გუნდის ლიდერი იყო, მერე კი, „ტულონში“ გადავიდა.

გორგოძის ანგარიშზე 66 სანაკრებო კეპია და დღემდე საქართველოს ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 24 ლელო აქვს გატანილი. ის სამი მსოფლიო თასის მონაწილეა - 2007, 2011 და 2015 წლების. 2011 წელს რუმინეთთან და ინგლისთან მატჩში, ხოლო 2015 წელს ტონგასთან და მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 2015 წელს მოხვდა მსოფლიო თასის ყველა ვერსიით შედგენილ „საოცნებო გუნდში“, მათ შორის ოფიციალური ვერსიითაც. ის ხუთჯერ აღიარეს საქართველოს წლის საუკეთესო მორაგბედ, ერთხელ კი, ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128841