მათ შორის ერთი დათა ქაჯაიაა, რომელიც თავის საერთაშორისო კარიერაში, მორიგი საფეხურით მაღლა გადავიდა და ამჯერად ისეთ პოპულარულ სერიაში იასპარეზებს, რომელშიც შვიდი საავტომობილო კომპანიის მიერ სპეციალურად მომზადებული სარბოლო ავტომობილები გამოვა. დათას ბედაური „ფოლკსვაგენ გოლფის“ სარბოლო, 330-ცხენისძალიანი ვერსიაა. გუნდი კი ისევ „ენგსტლერ მოტორსპორტი“, რომელთან ერთადაც, გასული სეზონი ETCC-ს ჩემპიონის ტიტულით დაასრულა.
საინტერესოა, რომ დათას მეტოქეებს შორის ყველაზე გამორჩეული, იტალიელი ვეტერანი ჯანი მორბიდელია, რომელსაც ფორმულა 1-ში ექვსი სეზონი აქვს გატარებული. ერთხელ მან კვარცხლბეკზე ასვლაც კი შეძლო - 1995 წლის ავსტრალიის დიდ პრიზზე მესამე ადგილი დაიკავა. მაშინ ის „ფუტუორკ ეროუზის“ მანქანით ასპარეზობდა. ისე კი, ამ გუნდის გარდა, „მინარდის“, „სკუდერია იტალიას“ (დალარას), „ზაუბერის“ და „ფერარის“ წევრიც კი იყო.
რაც შეეხება გუნდებს და ბრენდებს: მანქანებს შორის ყველაზე პოპულარული ისევ „სეატ ლეონია“, რომელიც ორმა გუნდმა - „ტიმ კრაფტ-ბამბუ ლუკოილმა“ და უნგრულმა „B3 რეისინგმა“ აირჩიეს. მეორეში დათასთვის კარგად ცნობილი დუშან ბორკოვიჩი და მატო ჰომოლა ირიცხებიან. ამ ორ გუნდს სამ-სამი პილოტი ეყოლება. „ფოლკსვაგენ გოლფს“ „ენგსტლერ რეისინგის“ გარდა, „ლეოპარდ რეისინგიც“ გამოიყენებს.
სამი პილოტი იასპარეზებს „ოპელ ასტრათი“, რომლებსაც „ტარჯეტ კომპეტიშნი“ გამოიყვანს. თუმცა ბაჰრეინში, პირველ ეტაპზე, ამ გუნდის მხოლოდ ორი პილოტი იასპარეზებს. სამი პილოტი ეყოლება „უესტქოუსტ რეისინგსაც“, რომელიც „ჰონდა სივიკით“ იასპარეზებს. მორბიდელი სწორედ ამ გუნდის წევრია. გუნდ „ტოპ რან მოტორსპორტის“ ბედაურია „სუბარუ STi TCR“, „მულსან რეისინგი“ კი „ალფა რომეო ჯულიეტათი“ იასპარეზებს. „ფორდ ფოკუსია“ გუნდ „FRD მოტორსპორტის“ მანქანა, ოღონდ ამ ავტომობილის შემუშავების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და გუნდიც ჩემპიონატში ალბათ მეოთხე, ან მეხუთე ეტაპიდან ჩაერთვება.
„აღტაცებულები ვართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სერია მხოლოდ მეორე სეზონს იწყებს და ჯერაც დამწყების ფაზაშია. რამდენიმე მანქანა ჯერაც შემუშავების ეტაპზეა. თუმცა უკვე აშკარაა, რომ რბოლებში რამდენიმე მწარმოებლის მანქანაბი მიიღებს მონაწილეობას. იზრდება გუნდების და მათი პილოტების დონე. გვიხარია, რომ გასული სეზონის სახეებს ისევ ვხედავთ და ახლებიც დაგვემატნენ. მათგან მიქაელა ჩერუტის, ჩვენი სერიის პირველ მონაწილე ქალს გამოვყოფ, რომელიც მთელ სეზონზე იასპარეზებს. სეზონის მსვლელობისას, სიახლეებიც იქნება. ჯერ არ მაქვს დასახელების უფლება, მაგრამ ალბათ სამი ბრენდი სეზონის განმავლობაში დაგვემატება“, - ამბობს TCR-ის საერთაშორისო სერიის დამაარსებელი და პრომოუტერი მარჩელო ლოტი.
ცნობისათვის, TCR არის ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატის (WTCC) განაყოფი, რომელიც ჩაფიქრებულია, როგორც WTCC-ის უფრო ხელმისაწვდომი ვერსია. ლოტი WTCC-ს ყოფილი შეფია და TCR-იც მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა. მსოფლიო სერიის გარდა, ამავე კლასში გაიმართება აზიის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, ტაილანდის ჩემპიონატები.
რაც შეეხება სეზონის პირველ ეტაპს, ის ბაჰრეინში, ფორმულა 1-ის მეორე ეტაპის მხარდაჭერის რბოლად გაიმართება. პირველი რბოლა შაბათს, ფორმულა 1-ის კვალიფიკაციის შემდეგ, ხელოვნური განათების პირობებში ჩატარდება. მეორე რბოლა კი კვირასაა, ბაჰრეინის ფ1-ის დიდი პრიზის წინ. ცნობისათვის, TCR-ის სერიას ამ სეზონში ორი ღამის რბოლა აქვს დაგეგმილი. მეორე სინგაპურში, 17 სექტემბერს გაიმართება და ისიც ფ1-ის მხარდაჭერის რბოლის სახით. ორივე რბოლა 10-წრიანია და მათი ხანგრძლივობა მაქსიმუმ 25 წუთი იქნება.







