რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს ჩაატარებს, “დინამო არენაზე” ყაზახეთს უმასპინძლებს. ამ ამხანაგურ შეხვედრაში შედგება ვლადიმირ ვაისის დებიუტი საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე.
საინტერესოა, როგორი იყო ვაისის სადებიუტო მატჩები ბოლო წლების განმავლობაში. 2008-2011 წლებში ის სლოვაკეთის ნაკრებს წვრთნიდა და როგორი შედეგიც ჰქონდა, ყველამ იცის. სლოვაკეთი ისტორიაში პირველად გავიდა დიდ ფორუმებზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაისის გუნდმა მერვედფინალამდე მიაღწია და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიასაც კი სძლია ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში – 3:2.
ვაისმა სლოვაკეთის ნაკრებში სადებიუტო ამხანაგური მატჩი წააგო, ამხანაგურში შინ 0:2 საბერძნეთთან, თუმცა მერე დაიწყო შესარჩევი და წარმატება წარმატებას მიჰყვა... ყველაზე ხმაურიანი, რა თქმა უნდა, “სკუადრა აძურასთან”, თუმცა ასევე იყო გამარჯვებები ჩეხეთთან გასვლაზე (2:1), პოლონეთთან გასვლაზე (1:0), რუსეთთან გასვლაზე (1:0) და ასე შემდეგ. იყო მოულოდნელი წაგებებიც, მაგალითად, ლუქსემბურგში ამხანაგური 1:2, სომხეთთან შესარჩევში 0:4.
და მაინც, ვაისმა დიდი სახელი დატოვა სლოვაკეთში. ამ ქვეყნის ნაკრები ევრო-2016-ზეც გავიდა, თუმცა დაგვეთანხმებით, მაშინ უფრო ძნელი იყო ფინალურ ეტაპზე მოხვედრა: 13 გუნდი გადიოდა ევროპიდან, ახლა კი 23 გავიდა (დამატებით, მასპინძელი საფრანგეთი).
აქვე, ვაისის დებიუტებზე და მთლიან სტატისტიკაზე – ნაკრებში, ბრატისლავის “სლოვანში” და ალმათის “ქაირათში”.
დებიუტი. 2008. ამხანაგური. სლოვაკეთი-საბერძნეთი 0:2
სტატისტიკა სლოვაკეთის ნაკრებში: 16 მოგება, 8 ფრე, 14 წაგება, ბურთები 53:48
დებიუტი. 2011. ოფიციალური. “სლოვანი” – “სპარტაკი” (ტრნავა) 2:1
სტატისტიკა “სლოვანში”: 17 მოგება, 17 ფრე, 12 წაგება, ბურთები 60:55
დებიუტი. 2013. ოფიციალური. “ქაირათი”-“ჟეტისუ” 3:3
სტატისტიკა “ქაირათში”: 56 მოგება, 27 ფრე, 25 წაგება, ბურთები 177:97