დასრულდა ვაჟთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირი, რომელსაც ქალაქი მოსკოვი(რუსეთი) მასპინძლობდა. 14 შესაძლებლიდან 8.5 ქულით პირველი ადგილი და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან(ნორვეგია) თამაშის უფლება სერგეი კარიაკინმა(რუსეთი) მოიპოვა.
პრეტენდენტთა ტურნირში, რომელსაც მოსკოვის ცენტრალური ტელეგრაფის შენობა მასპინძლობდა, მსოფლიოს რვა საუკეთესო მოჭადრაკე - სერგეი კარიაკინი(რუსეთი), ვიშვანათან ანანდი(ინდოეთი), ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი), ჰიკარუ ნაკამურა(აშშ), პიოტრ სვიდლერი(რუსეთი), ლევონ არონიანი(სომხეთი), ანიშ გირი(ჰოლანდია) და ფაბიანო კარუანა(აშშ) მონაწილეობდა. მათ შორის ყველაზე ტიტულოვანი ანანდია, რომელიც რამდენჯერმე იყო მსოფლიოს ჩემპიონი. მას საჭადრაკო გვირგვინი კარლსენმა ჩამოართვა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ტოპალოვიც ფლობდა.
ასპარეზობა ორ წრედ 14 ტურად ჩატარდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლო ტურში ერთმანეთს 7.5-7.5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი კარიაკინი და კარუანა დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილის დასაკავებლად კარიაკინს ყაიმიც ჰყოფნიდა, ხოლო კარუანას მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კარუანა იძულებული იყო შეეტია მეტოქისათვის. შეტევაში გართული მეტოქის შეცდომით ისარგებლა კარიაკინმა, რომელმაც შეძლო მისი დამარცხება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვებისმოპოვება.
პირველ ადგილზე გასულმა კარიაკინმა 14 პარტიიდან 4 მოიგო, 9 ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთი პარტია წააგო, ისიც ყველაზე ტიტულოვან ანანდთან, რომელმაც კარუანასთან ერთად 2-3 ადგილები გაიყო.
ამ ტურნირში დაუმარცხებლად მხოლოდ სოფო გურამიშვილის მეუღლემ, გირმა იასპარეზა, რომელმაც ყველა პარტია ყაიმით დაასრულა.
ბოლო, მე-14 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
კარიაკინი- კარუანა 1-0
სვიდლერი-ანანდი 0,5-0,5
ნაკამურა- არონიანი 0,5-0,5
გირი - ტოპალოვი 0,5-0,5
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
1.კარიაკინი -8,5 ქულა
2-3. კარუანა, ანანდი- 7,5-7,5
4-7.ნაკამურა, გირი , სვიდლერი, არონიანი-7,0-7,0
8.ტოპალოვი- 4,5