ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ფრანგულ კროისი-ბეაბურში იმყოფება და ძალებს საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.
შაფათავა პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ჩეხ ტერეზა სმიტკოვას გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და შვედი კორნელ ლისტერი “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ ანდრიანჯაფიტრიმოს და ბელარუს საბალენკას ეთამაშებიან.
თურქეთში, ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა ცდილობს ანა შანიძე. კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ის მე-16 ნომრად განთესილ გერმანელ ლინდა პრენკოვიჩს 5:7, 6:4, 2:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
გადამწყვეტ წრეში შანიძე სამხრეთკორეელ იუ ჯინ ანს ეთამაშება.
ეგვიპტეში იმყოფება და შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირში ითამაშებს მარიამ ბოლქვაძე. ქართველი ჩოგურთელის პირველი მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.