ნიკა ამაშუკელი, ახალგაზრდა ქართველი მსაჯი, რომელმაც შოთა თევზაძესთან ერთად ევროპაში ფანჯარა გაჭრა და რამდენიმე საერთაშორისი ტურნირი იმსაჯა, დღეს ანდორაში უნდა გაფრენილიყო, სადაც 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის Conference 1-ის თამაშები უნდა ემსაჯა.
ის იქ მთავარ მსაჯად იყო მიწვეული, მაგრამ კვირას, ფოთში , „ბათუმისა“ და „არმიას“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, ახლა ფეხზე სამი ნაკერი ადევს და ლოგინში წევს. მოგვიანებით, ამაშუკელი მსოფლიო თასის „ალაფაზე“ უნდა გაემგზავროს და იმედია, მანამდე ის შეძლებს ჭრილობის მოშუშებას, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსაჯი „მსოფლიო რაგბის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირს იმსაჯებს.
ახლა ცოტა წარსულს გადავხედოთ და აღმოვაჩენთ, რომ წლების წინ ქართული რაგბი დიდი საშიშროების წინაშე იდგა. მიზეზი მარტივია - მსაჯობა არავის სურდა და „ძველი თაობის“ მსაჯებს ასაკი მალე კარიერის დასრულებას „აიძულებდა“. შედეგად, დადგებოდა დრო, როდესაც მსაჯი ფიზიკურად აღარ გვეყოლებოდა, მის გარეშე კი, თამაშები უბრალოდ ვეღარ ჩატარდებოდა. საქართველოს რაგბის კავშირმა სიტუაციის გამოსწორების მიზნით ამ პროფესიით ახალგაზრდების დაინტერესება დაიწყო და ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, მაგრამ რაოდენობის მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა.
საქართველოს ჩემპიონატის უამრავ თამაშს დავსწრებივარ და ვერც იმას ვიტყვი, რომ მსაჯები რომელიმე გუნდის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იბრძოდნენ, უბრალოდ, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდნენ. პარალელურად, მათ მიმართ აგრესია ნელ-ნელა იზრდებოდა და მომსწრე ვარ შემთხვევის, როდესაც გინებისგან გაბეზრებული მსაჯი ტრიბუნაზე არბოდა შეურაცხმყოფელისთვის პასუხის გასაცემად. მსგავსი შემთხვევები ბევრი იყო, მსაჯები ცდებოდნენ და აგინებდა ყველა - ისინი ვინმეს მხარეს კი არ იჭერდნენ, ცდებოდნენ და შესაბამისად, თუ თამაში დაძაბული იყო, აგინებდა ორივე გუნდის გულშემატკივარი თუ წარმომადგენელი.
შედეგად, ახალგაზრდა ბიჭები კონტროლს კარგავდნენ და კიდევ უფრო მეტ შეცდომას უშვებდნენ, ნაწილი მსაჯობას თავს ანებებდა, ახლა კი, მსაჯს სტადიონის გარეთ დახვდნენ და „სამაგალითოდ რომ დასჯილიყო“ მარტო ცემა არ აკმარეს...
ეს ამბავი თავად ხომ საგანგაშოა და კიდევ უფრო საგანგაშო ისაა, რომ ყველა სდუმს - რაგბის კავშირი, „არმიას“ წარმომადგენლები, თავად დაზარალებული - არავინ აკეთებს კომენტარს, უფრო მეტიც, ამბობენ ნამატჩევს, 80 წუთი ნარბენი მსაჯი, რატომღაც კიდევ ხურდებოდა და ბლაგვ საგანზე დაეცაო. მე ამის არ მჯერა...
იმასაც ამბობენ,სეზონის მიწურულს საქართველოს ჩემპიონატში დიდი აღებ-მიცემა გაჩაღდა, „არმიას“ „ჩაძირვა“ იგეგმებაო და ეს ინციდენტიც ამის შედეგიაო. ერთ ცუდ საქმეს მეორე მოყვა, მერე მესამეც, ყველა სდუმს და ხმას არავინ იღებს, საქმეც ალბათ მიფუჩეჩდება და შედეგად, რაგბი, რომელიც „ჩვენი თამაში“, ძალიან ცუდ ადგილზე აღმოჩნდება...