ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში ბოლო 19 მატჩში მე-14 გამარჯვება იზეიმა და ამით, საპლეიოფო ზონაში მყარად დამკვიდრდა.
ქართველი კალათბურთელის კლუბი ამჯერად “კასერესს” სტუმრობდა და 85:69 დაამარცხა. ბექა სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ბურჯანაძემ 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ლეიმა ბასკეტ კორუნას” 15 მოგებით და 12 მარცხით მე-5 პოზიცია უკავია, თუმცა, მესამეადგილოსან “ბურგოსს” მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 1 აპრილს, შინ “ბარსელონა II”-თან ჩაატარებს.