ძიუდო

22:10 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოები

თბილისურ გრან პრიზე საქართველოს ჰიმნი მესამედ აჟღერდა. გახსნის ცერემონიალისა და ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) ტრიუმფის შემდეგ, ამჯერად ნუგზარ ტატალაშვილის პატივსაცემად. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ტატალაშვილმა დღეს ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე დამაჯერებლად მოიგო და ოქროს მედალთან ერთად 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

73 კილოგრამში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ ექვს წონაში, საქართველოს ნაკრებს ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა და სამი მათგანი პოდიუმზე ავიდა. ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი ბრინჯაოებს დაეუფლნენ. უმედლოდ კი მხოლოდ გიორგი კაციაშვილი დარჩა, რომელიც პირველსავე წრეში წააგო, საბერძნეთის ნაკრების წევრ გეორგიოს აზოიდისთან.

ტატალაშვილმა შეჯიბრება კვიპროსელ ანდრეას კრასასთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქე ოთხ წუთში მსაჯს ოთხჯერ გააფრთხილებინა. მოხსნამდე კი ერთი ვაზარიც შეუსრულა. მერვედფინალში უზბეკ მირალი შარიფოვს უილეთოდ, შიდოებით (1:3) სძლია. ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან ვაზარით და იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ შეხვედრა სათავისოდ მოგვერდით აღებული იპონით შეატრიალა. ნახევარფინალში ტატალაშვილმა აზოიდისზე შებოჭვით იყარა კაციაშვილის ჯავრი. ფინალში კი ბოლო წუთზეღა გატეხა მონღოლი ოდბაიარ განბაატარის წინააღმდეგობა, გდებით აღებული ვაზარით და შებოჭვით.

სწორედ განბაატარმა დაასრულებინა ძირითად ბადეში გამოსვლა ჩვენს ბრინჯაოსნებს – ფრიდონ გიგანს მეოთხედფინალში, შიდოების ლიმიტის ამოწურვით, ხოლო ლაშა შავდათუაშვილს ნახევარფინალში, ერთი გაფრთხილების უპირატესობით.

განბაატართან დაჭიდებამდე შავდათუაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. პირველი მათგანი - განელი ემანუელ ნარტეი მსაჯმა ფეხში შესვლის წესის დარღვევისთვის მოუხსნა. გაცილებით მძიმე ბრძოლა გადახდა ჩრდილოკორეელ ჩოლ გვანგ კიმთან - თავიდან ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ სწრაფადვე, აზიელმა კონტრ-ვაზარი შეასრულა. ბოლო სამ წუთში შავდათუაშვილმა ორი იუკო აიღო და უპირატესობა შეინარჩუნა, მაგრამ იმდენი ენერგია დახარჯა, ტატამიდან გასვლაც კი გაუჭირდა. წინა ბრძოლის დაღლა შვედ ტომი მაციასთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაშიც გადაჰყვა. იქაც ვაზარით ჩამორჩა და ბრძოლის მიწურულს გაათანაბრა. საბოლოოდ კი ნახევარფინალის საგზურის ბედი ერთადერთმა შიდომ გადაწყვიტა, ქართველი ძიუდოისტის სასარგებლოდ.

ოდბაიარ განბაატართან წაგების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილი "ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო, სადაც ბრაზილიელი მარსელო კონტინი მესამე წუთზე ხელში აიტაცა და ბეჭებით დაანარცხა.

ფრიდონ გიგანმა მეოთხედფინალამდე სამი ეტაპი დაძლია. ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს შეხვედრის მიწურულს შესრულებული ვაზარით გადაუწურა პოდიუმის იმედი, ხოლო პორტუგალიელ ანდრე ალვეშს ოთხ წუთში ორი ვაზარით აუგროვა იპონი. რეპეშაჟის ნახევარფინალში შვედ მაციასს წუთი და 18 წამი აკმარა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი გეორგიოს აზოიდისს საფინალო გონგამდე 2 წამით ადრე შესრულებული ვაზარით სძლია.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს რეიტინგის გათვალისწინებით, მასპინძელთა მთავარი იმედები უშანგი მარგიანს უკავშირდებოდა, მაგრამ ნაკრების მეორე ნომერმა გრან პრიზე ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა - ყაზახ აზიზ კალკამანულისთან იუკოთი დაწინაურების შემდეგ ისე გაპასიურდა, ოთხ წუთში ოთხი შიდოს მიღება მოასწრო და ტურნირს გამოეთიშა.

დილის პროგრამითვე დაასრულა შეჯიბრებაზე გამოსვლა გიორგი პაპუნაშვილმაც, მაგრამ მის შემთხვევაში ტაქტიკურ შეცდომასთან ერთად მიზეზად უიღბლობაც უნდა დავასახელოთ – მერვედფინალში პაპუნაშვილმა ვეტერანი ძიუდოისტის – გიორგი რევაზიშვილის ვაჟთან წააგო. ეს უკანასკნელი რომან მუსტოპულოსის სახელით საბერძნეთის ნაკრების ღირსებას იცავს. საქართველოს დროშის ქვეშ მოჭიდავე ძიუდოისტი მეტოქეს ბოლო მომენტამდე გაფრთხილებით უგებდა და ზედ საფინალო გონგისას ვაზარიზე წამოეგო. ამ შეხვედრამდე გიორგი პაპუნაშვილმა ფილიპინელი კოდო ნაკანოსა და პორტუგალიელ დიოგო ლიმასთვის შესრულებული ულამაზესი გდებებით გაახარა ქომაგები.

ყველაზე შედეგიანად კი ქართული ოთხეულიდან ლევან გუგავა გამოვიდა – დილის პროგრამა წაუგებლად ჩაიჭიდავა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. პირველ წრეში გუგავა ლიტველ რამუნას დიბურისთან შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარიზე დავარდა, მაგრამ ერთწუთიან ინტერვალში მეტოქეს ორი ვაზარით უპასუხა. უნგრელ სზაბოლც კრიჟანს 2 წუთში შეუსრულა სუფთა გდება. მერვედფინალში, თურქეთის და ემირჰან იუსელის სახელით მოჭიდავე ამირან იანვარაშვილს ერთ წუთში მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში სულაც, პირველ ნომრად განთესილი ბულგარელი ივაილო ივანოვი ჩამოიცილა იუკოთი. ნახევარფინალში კი რომან მუსტოპულოსს წუთნახევარში ორი ვაზარი აართვა.

მესამე ქართულ ოქროს თბილისის შარშანდელი გრან პრის ჩემპიონი, რუსეთის ნაკრების წევრი ალან ხუბეცოვი გადაეღობა. მანვე დაასრულებინა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში ზებედა რეხვიაშვილს, რომელიც შემდეგ მუსტოპულოსთანაც დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა. ამ ორ წაგებამდე რეხვიაშვილმა ესპანეთის ნაკრების წევრ შალვა ყალაბეგაშვილის, რუსი ივან ვორობიოვისა და ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისის ჩამოცილება მოასწრო. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი აზიზ კალკამანულის აჯობა.

დღესვე, საპრიზო სამეულები ქალთა 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც შეივსო. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი მხოლოდ 70-ში ჰყავდა, მაგრამ... ესტერ სტამმა პირველსავე მეტოქესთან - ებრაელ ლიორ ვილდიკანთან ორწუთნახევარში შებოჭვით წააგო.

ორი დღის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. ქალები – 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით კი იჭიდავებენ: ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი (ოთხივე 90 კგ), ლაშა გურული, ჯაბა მუმლაძე, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ოთხივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე, გიორგი ლაზუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი (ოთხივე +100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება.

ძიუდო

გრან პრი

თბილისი

26 მარტი

მამაკაცები

73 კგ

1 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

2 ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი)

3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ფრიდონ გიგანი (საქართველო)

81 კგ

1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

2 ლევან გუგავა (საქართველო)

3 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)

3 უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლეთი)

5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

ქალები

63 კგ

1 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

2 ჯემა ჰოუელი (ბრიტანეთი)

3 ედვიგ გვენდი (იტალია)

3 მერილინ პრუვოსტი (საფრანგეთი)

70 კგ

1 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)

2 ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)

3 ასამა ნიანგი (მაროკო)

3 ელისავეტ ტელციდუ (საბერძნეთი)

0.257293