ინგლისურ “მაჩესტერ იუნაიტედსა” და ჟოზე მოურინიოს შორის სამწლიანი წინასწარი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ცნობა მართალია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ბრიტანული პრესა ამ ამბავს უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევს.
გამოცემა The Sun-ი ირწმუნება, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მანჩესტერელთა სათავეში ლუის ვან გაალს ზაფხულიდან შეცვლის და მისი წლიური ანაზღაურება 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. ამგვარად, მოურინიო 5 მილიონით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მისი ესპანელი კოლეგა პეპ გვარდიოლა “იუნაიტედის” თანაქალაქელ “სიტიში”.
თუმცა, ჟოზესა და “იუნაიტედის” შესაძლო თანამშრომლობისგან განსხვავებით, გვარდიოლასა და “სიტის” ურთიერთობა უკვე კარგა ხანია ოფიციალურად გარკვეულია. ესპანელი სეზონის შემდეგ “ბაიერნს” დატოვებს და მანუელ პელეგრინისგან “მანჩესტერ სიტის” გადაიბარებს, სადაც მისი ანაზღაურება წლიურად 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.