18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, სულ ცოტა დრო რჩება. მატჩი დღეს, საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება. მეოთხედ და ნახევარფინალების მსგავსად ფინალური რკენაც რაგბი ევროპის ვიდეო პორტალზე სთრიმის სახით გადმოიცემა >>> Rugbyeurope.tv
ამრიგად გამეორდა შარშანდელი ფინალური წყვილი, როდესაც ტულუზაში მიმდინარე მაშინდელ ელიტ დივიზიონის ფინალში გუნდები პირველად შეებნენ.
ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და საქართველო ხვდებიან. შარშანდელ ჩემპიონატში, რომელშიც ექვსი ერის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯერ ირლანდია, მერე იტალია დაამარცხეს და ფინალში მასპინძლებს შევხვდით - ფინალში საფრანგეთმა გაიმარჯვა.
წელს ევროპის ჩემპიონატზე (ყოფილი ელიტ დივიზიონი) მონაწილეობაზე ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ იუარეს, შედეგად, საქართველომ მეოთხედფინალში რუმინეთი 49:10, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალია 29:10 დაამარცხა. თავის მხრივ, საფრანგეთმა ესპანეთს 56:14, ხოლო ბელგიას 62:3 სძლია და წინ ფინალიღა დარჩა.
ფინალამდე 9 საათით ადრე 18-წლამდელების მზადებაზე, მენტალურ მდგომარეობაზე და განწყობაზე კომენტარებით უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი -დავით ჩავლეიშვილი:
უმეტესობისთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება იყო...
„რუმინეთთან უმთავრესი ის იყო, რომ მოვიგეთ. ამ ბიჭების უმრავლესობას საერთაშორის თამაშების გამოცდილება არ ჰქონდათ. იყო ფსიქოლოგიური დატვირთვა, რომ ტურნირზე შერშანდელზე უარესი შედფეგი არ უნდა გვეჩვენებინა, ანუ მიზანი მინიმუმ ფინალში თამაში იყო და ველოდით, რომ რუმინეთს უკეთესი გუნდი ეყოლებოდა. მაგრამ მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, ფაქტობრივად არაფრის საშუალება არ მივეცით და ყოველგვარი დაძაბულონის გარეშე მოვიგეთ. ამით ბიჭებს სტრესი მოეხსნათ, საერთაშორის თამაშების გამოცდილება მიიღეს და ირწმუნეს, რომ წარმატების თამაში ნებისმიერ დონეზე შეუძლიათ. იყო მცირედი ხარვეზები, თუმცა ძირითადად დავალებები კარგად შესრულდა. ხარვეზები სწორედ გამოუცდელობამ გამოიწვია, თორემ შედეგი უფრო სლიდური იქნებოდა.
ტურნირის მასპინძელთან...
„ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ სიმპატია ყოველთვის მასპინძლების მხარესაა და ამის მოწმე პირადადაც არაერთხელ გავმხდარვარ. ასეც მოხდა, მაგრამ განწყობა გვქონდა, რომ ყველანაირი პროვოკაციისთვის გაგვეძლო. ეს უმთავრესი გამოცდა იყო. აქაც იყო რაღაც ხარვეზები, თუმცა ბიჭებმა მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე, ამ გამოწვევასთან გამკლავება შეძლეს. საბოლოო ჯამში შედეგითაც და თამაშითაც კმაყოფილი ვარ, რადგან რაც მინდოდა, ის შესრულდა
მეტოქე შერკინებაში კი არ გაგვიძალიანდა, არამედ...
„18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, შერკინებაში სრული მიწოლა დაშვებული არაა და თუ მეტოქე დაძარი და 1,5 მეტრი იარე, მსაჯი გაჩერებს და ბურთის გატანას გთხოვს. სხვა მხრივ, მოლები და ორთაბრძოლები პირწმინდად მოვიგეთ.
შარშანდელისგან განსხვავებით, უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ფინალამდე უფრო ადვილად მივედით...
„გუშინდელ შეკრებაზე სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. შარშან სტრესი მეტი იყო, რადგან მასპინძელ საფრანგეთს ფინალში ვეთამაშებოდით, დიდ სტადიონზე, დიდი აჟიოტაჟის ფონზე და შეხვედრაც ტელევიზიით გადაიცემოდა. ეს ბიჭებისთვის ერთგვარ პრობლემად იქცა, განსაკუთრებით განვლილი რთული მატჩების ფონზე, წელს კი, ეს სტრესი მოხსნილი გვაქვს. ყველა განწყობილია იმისათვის, რომ თამაშზე მოსაგებად გავდივართ და სხვა არაფერზე ფიქრობენ. ფრანგებმა ბელგიას და ესპანეთს იოლად მოუგეს, მაგრამ ამ თამაშებში ფრანგებს დიდი სივრცეები ჰქონდათ, მეტოქეებმა დაცვაში სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. თუ ყველაფერი შესრულდა, რაზეც ამ დღეებში ვისაუბრეთ, კარგი თამაში გამოვა და მოგების შანსიც აუცილებლად გვექნება.
ფრანგებს წელსაც კარგი გუნდი ჰყავთ ...
„ფრანგებს კარგი გუნდი ყავთ და ყოველთვის კარგი გუნდი ეყოლებათ, რადგან ეს ბიჭები ძლიერ ჩემპიონატებში ოსტატდებიან, თუმცა, მთლად შარშანდელივით ძლიერი გუნდი ნამდვილად არ ყავთ. ყოველ შემთხვევაში, განვლილმა ორმა შეხვედრამ ასე გვანახა და დანარჩენი უშუალოდ თამაშზე გამოჩნდება.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის წინააღმდეგ:
უკანა ხაზი (ბექები): 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. ლუკა მარგიანი, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე;
შერკინება (ფორვარდები): 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
მარქაფა (რეზერვი): 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. იოსებ ხეთაშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. კოტე ხამაშურიძე, 24. თორნიკე ჯალაღონია, 25. საბა ხურცილავა.
www.rugby.ge