ფორმულა 1-ის ტრასების არქიტექტორი ჰერმან ტილკე ამბობს, რომ მისი ბოლო ქმნილება ბაქოში, მსოფლიოში უსწრაფესი იქნება ქალაქის ტრასებს შორის. აზერბაიჯანის დედაქალაქში ევროპის დიდი პრიზი 17-19 ივნისს გაიმართება. ეს იქნება მეორე რბოლა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე.
გერმანელმა სპეცალისტმა ბაქო პირველად ორი წლის წინათ მოინახულა და მაშინვე შეადგინა წინასწარი მონახაზი. საბოლოოდ, საქალაქო ტრეკის სიგრძე 6006 მეტრია, ანუ ერთ-ერთი ყველაზე გრძელია ქალაქის ტრასებს შორის. ტრასის ყველაზე სწრაფი მონაკვეთი, ბაქოს ბულვარის გასწვრივ მდებარეობს. ბულვარის მონაკვეთის საერთო სიგრძე 2.2 კილომეტრია და მასზე მხოლოდ უმნიშვნელო მოსახვევებია.
„ბაქოს ტრეკის მსგავსს სხვაგან ვერსად ნახავთ. ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება კალენდარში. რა თქმა უნდა, ბაქოს ტრეკს ვერ შევადარებ მუდმივ ავტოდრომებს. რაც უნდა იყოს, ეს ქალაქის ტრეკია. მაგრამ სხვა ქალაქების ტრასებთან შედარებით, ბაქოსი უნიკალურია. მას ბევრი ფაქტორი გამოარჩევს. ჯერ ერთი, არის მსოფლიოში უსწრაფესი საქალაქო ტრეკი. ქუჩები ვიწროა და სწორედ ესაა მისი მთავარი თვისება“, - ამბობს ტილკე.
გერმანელი სპეციალისტი, ვისაც ფ1-ის არაერთი ტრასა აქვს დაპროექტებული, დარწმუნებულია, რომ რბოლამდე დაახლოებით ორთვენახევრით ადრე, ტრასა სრულ მზადყოფნაში იქნება.
„ჩვენ ამ პროექტზე 2014 წლის ივნისიდან ვმუშაობთ. ამ დროს, ყველაზე დიდი გამოწვევა ის იყო, რომ ქუჩებში ფ1-ის შესაფერისი ტრასა დაგვეხაზა. საქალაქო ტრასების შემუშავება ყოველთვის რთულია, რადგან ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს. პროექტზე მუშაობის პროცესში, ბევრი განსხვავებული პრობლემის გადაჭრაა საჭირო. მაგრამ ბაქოს საქალაქო ტრასის გუნდთან ერთად, ჩვენ ყველა პრობლემა წარმატებით დავძლიეთ. მთელი გუნდი ბოლო წუთამდე გააგრძელებს მუშაობას და ყველაფერი დროულად დასრულდება“, - დასძენს ტილკე.







