„პირელი“ გუნდებს ულტრა სოფტ საბურავებს პირველად მონაკოს დიდ პრიზზე მიაწვდის. იტალიური კომპანია ყველაზე პრესტიჟულ რბოლაზე, სამ ყველაზე რბილი შემადგენლობის საბურავებს ჩაიტანს. ესენია: ულტრა სოფტი, სუპერ სოფტი და სოფტი. ამავე ტიპის საბურავებს „პირელი“ მომდევნო ეტაპზეც, კანადის დიდ პრიზზეც წაიღებს.
ოღონდ, ულტრა სოფტების (რბილების) გამოყენება რბოლისთვის არ იგეგმება. ამ ტიპის რეზინით გუნდები კვალიფიკაციის დასკვნით ნაწილში ისარგებლებენ. ცნობისათვის, ამ დროს, პილოტები სარბოლო უიკენდზე წრის საუკეთესო დროებს აფიქსირებენ. სუპერ სოფტ და სოფტ საბურავები კი რბოლისთვის იქნება განკუთვნილი. ამასთან, ყოველი პილოტი ვალდებულია, რბოლისთვის გამოყოფილი ორი ტიპის საბურავები ერთხელ მაინც გამოიყენოს.
ახალი, ულტრა რბილი საბურავები, რომლებსაც გვერდებზე არსებული იასამნისფერი ზოლი გამოარჩევს, გუნდებმა სეზონისწინა ტესტებზე, ბარსელონაში გამოსცადეს და მისი თვისებებით კმაყოფილები დარჩნენ.







