კალათბურთი

2:05 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 12 ქულა და შეხვედრა ჰეინსთან

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” ევროლიგის ტოპ-16-ის მე-12 ტურში ათენის “პანათინაიკოსს” უმასპინძლა და მართალია, მატჩის უმეტესი ნაწილი წინ იყო, საბოლოოდ, 84:86 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე მასპინძელთაგან ყველაზე მეტი – 29:02 წუთი გაატარა და ძალიან აქტიური იყო. მანუჩარის მონაგარი 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

მარკოიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (11) მიხედვით, ქართველი მცველი მხოლოდ თურქ სემიჰ ერდენს ჩამორჩა, რომელმაც 27:06 წუთში 18 ქულა მოაგროვა.

“პანათინაიკოსს” 21 ქულით სერბმა ცენტრმა მიროსლავ რადულიცამ ულიდერა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მარკიზ ჰეინსმა კი 16:14 წუთში 5 ქულა მოაგროვა.

“დარუშაფაკა” 3 მოგებით და 9 მარცხით E ჯგუფში ბოლოსწინა მე-7 ადგილზეა და პლეი-ოფში გამსვლელ ოთხეულში ვეღარაფრით მოხვდება. სტამბოლური კლუბი მომდევნო მატჩს 31 მარტს ბელგრადში, “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს.

0.124767