რაგბი

20:05 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ქართული არგუმენტები“

ექვსი ერისა და ერთა თასის მატჩების, გნებავთ იტალიელთა ვარდნისა და ქართველთა აღზევების პარალელურად, მთელი სარაგბო ევროპა ბებერი კონტინენტის უმთავრესი ტურნირის გაფართოვებაზე, ან კარის გახსნაზე და გადათამაშების სისტემის დანერგვაზე საუბრობს.

გამონაკლისი არც ირლანდიელები არიან და კრონინ კრონინმა პრესის ფურცლებიდან ექვსი ერის ორგანიზატორებს მორიგი „დარტყმა“ მიაყენა, სათაურით - „ქართული არგუმენტები“:

„ევროპის სარაგბო ტურნირების მორიგი სეზონი დასრულდა და გადავხედოთ, რას იმსახურებენ „დიდი სლემით“ გამარჯვებულები.

დასკვნით დღეს, როდესაც მონაწილე გუნდები ერთმანეთთან წლის ბოლო თამაშებს ატარებდნენ, გუნდების საფიქრალია ტურნირის მოგება, „დიდი სლემი“, წინა გათამაშებაში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება, „ხის კოვზისგან“ თავის დაღწევა და შემოსავალი იყო, რომელსაც ისინი დაკავებული ადგილის მიხედვით იღებენ. თუმცა, ეს ყველაფერი ექვსი ერისთვის, მაგრამ ჩვენ ახლა მასზე არ ვისაუბრებთ.

სასაუბრო თემა ევროპის ერთა თასია, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოგვიწია დაწერა და რომლის ფორმატიც ჩვენი 6 ერისგან განსხვავებულია. იქ ყოველწლიურად ტარდება ჩემპიონატი და გამარჯვებული 5 თამაშის შემდეგ ვლინდება. ამავდროულად, დგება ორწლიანი ცხრილიც, რომლის მიხედვითაც გუნდები ერთმანეთთან შინ და გარეთ, ორ-ორ შეხვედრას ატარებენ და ირკვევა გუნდი, რომელიც ამ ორი წლის ჯამში ქვედა დივიზიონში ვარდება.

დასკვნითმა უიკენდმა აჩვენა, რომ წელს საქართველომ მორიგი „დიდი სლემი“ მოიგო, 10 გამარჯვებით 2 წლის ჯამში, ხოლო პორტუგალიამ ამავე პერიოდში ერთადერთი შეხვედრა მოიგო და 1B დივიზიონში დაქვეითდა. მომავალი სეზონიდან, 2 წლით მის ადგილს ბელგია დაიკავებს.

არის სხვა ჯგუფებიც, რომლებიც ევროპის დანარჩენი ქვეყნებისთვის ზუსტად ასეთივე სქემით მუშაობს, თუმცა, ჩვენი ყურადღება ამ სტატიაში მხოლოდ პირველ დივიზიონზე იქნება მიპყრობილი.

უფრო კონკრეტულად, საქართველო ის გუნდია, რომელზეც თქვენს ყურადღებას შევაჩერებ. უკანასკნელ 7 წელიწადს თუ გადავხედავთ, მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს ვერ გახდნენ ისინი გამარჯვებულები. მაშინ მათ პირველობას რუმინეთი შეეცილა, გასულ შაბათს კი, საქართველომ რუმინეთი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, 38:9 დაამარცხა, შეიძლება ითქვას, ძალიან იოლად.

თუ გადავხედავთ მსოფლიო თასის ჯგუფს, სადაც საქართველო ვერ დაამარცხებდა ახალ ზელანდიას, და ნაკლებად სარწმუნო იყო არგენტინასთან მოგება, მათი მესამე ადგილი აბსოლიტურად სამართლიანია. უფრო ადრინდელ მსოფლიო თასზე, ქართველებს მეტოქეებად ინგლისი, არგენტინა და შოტლანდია ყავდა და ამ უკანასკნელმა მხოლოდ ჯარიმების წყალობით, 15:6 იმარჯვა.

ახლა ვნახოთ რა შედეგები ჰქონდა ამავე პერიოდში იტალიას, 2010 წლიდან დღემდე.

ექვსი ერის „ხის კოვზები“ 2010, 2011, 2014 და 2016 წლებში, მხოლოდ 6 გამარჯვება ექვსი ერის უკანასკნელ 7 გათამაშებაში, ანუ 35 მატჩში. გასულ მსოფლიო თასზე ყველა ველოდით, რომ ჯგუფიდან ირლანდია და საფრანგეთი გავიდოდნენ, მაგრამ იტალიამ რუმინეთს მხოლოდ 10, ხოლო ბოლო ადგილზე გასულ კანადას 5 ქულით მოუგო. 2011 წელსაც ყველა ელოდა ჯგუფიდან ავსტრალიისა და ირლანდიის გასვლას, მაგრამ იტალია დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო რუსეთთან და აშშ-სთან, რაც არ მოხდა.

ექვსი ერის გათამაშებების ცხრილს ორი წლის ჯამით თუ შევადგენთ, ისე, როგორც ეს მეორე ეშელონის ტურნირში ხდება, იტალია ბოლო ადგილზე გავიდოდა 2010/11, 11/12, 13/14, 14/15 და 15/16 წლებში და იტალია დაქვეითდებოდა. ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ, 2012/13 წლებში დარჩებოდა ბოლო ადგილზე შოტლანდია.

ექვსი ერის წლევანდელ სეზონში იტალიელებმა 29 ლელო გაუშვეს.

ნება მომეცით ეს ყველაფერი დავაკავშირო ცნობილ ფაქტს, რომლის თანახმადაც პრო 12-ის ორივე იტალიური კლუბი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, გატანილ-გაშვებული ქულების საშინელი სხვაობით. „ძებრემ“ ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა ექვსიდან მხოლოდ სამი თამაში მოიგო, ხოლო „ტრევიზომ“ ჩემპიონთა თასი გამარჯვების გარეშე დაასრულა და თანაც ისე, რომ მოგების შანსი ერთხელაც არ ქონია.

სტატისტიკა საკმარისია, როგორ მოვიქცეთ?!

არა მგონია 7 ერის იდეა კარგი ვარიანტი იყოს, ყოველ შემთხვევაში მოცემულ მომენტში. თუმცა, ორწლიანი ციკლის ჯამში, ექვსი ერის ბოლოადგილოსანს ერთა თასის გამარჯვებული რომ ანაცვლებდეს, ნამდვილად კარგი იქნებოდა. ვთქვათ საქართველო დაწინაურდა ექვს ერში და ორი წლის შემდეგ ბოლო ადგილზე დარჩა, მის ადგილს კვლავ იტალია დაიკავებს, რა თქმა უნდა, თუ რუმინეთს არ ექნება ძლიერი სეზონი, ან იმავე იტალიას სუსტი. შედეგად, მომავალ მსოფლიო თასზე მივიღებთ ბევრად გამოცდილ საქართველოს, ვისაც განვლილ ორ წელიწადში გადატანილი ექნება 10 მძაფრი ბრძოლა და აქ მათი დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამავდროულად, იტალიას ექნება დრო, რომელსაც გამოიყენებს შემადგენლონის სიღრმეების გასაძლიერებლად და ისწავლის სხვისი შეცდომების გამოყენებას, რაც ამ გუნდს ასე ძლიერ აკლია.

პარალელურად, რუმინეთს და რუსეთს, ამ შემთხვევაში იტალიასთან, ექნებათ ისეთი თამაშები, სადაც წნეხის ქვეშ იქნებიან მოქცეული და ამ გზით, თეორიულად, მათი დონეც ამაღლდება.

საქართველო უკვე უსწრებს იტალიას მსოფლიოს რეიტინგში. მათი მთავარი, 55-ათასიანი სტადიონი რა თქმა უნდა ვერ შეედრება 70-ათასიან „ოლიმპიკოს“, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენი ბილეთი რჩება გასაყიდი. ქართველებს გასაუმჯობესებელი აქვთ საკლუბო სისტემა, ნაკრების წევრთა უმეტესობა საფრანგეთში თამაშობს, თუმცა ეს მოცემულობა უახლოეს წლებში თავისთავად შეიცვლება [საფრანგეთში ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესების შედეგად]. ქართულ კლუბებზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან ისინი საერთოდ არ ჩანან სცენაზე. არ ვიქნებოდი წინააღმდეგი მენახა ქართული და იტალიური კლუბების დაპირისპირება, რათა მათ შორის სხვაობაზე წარმოდგენა შემქმნოდა და ექვს ერზე მონაწილეობით, სატელევიზიო უფლებებით მიღებული თანხები, ამ ყველაფერს აუცილებლად შეცვლიდა. იტალიელები იბრძვიან, რომ ბოლო ადგილზე არ დარჩნენ და ამისათვის დიდ თანხას იღებენ, მაგრამ სად მიდის ეს ფული? მე ვერ ვხედავ იტალიური კლუბების გაუმჯობესებას პრო 12-ის დანარჩენ კლუბებთან შედარებით და იტალიის ნაკრებიც მუდმივად ერთი და იმავე პრობლემის წინაშე რჩება.

ექვსი ერის მეშვეობით მიღებული თანხებით, ქართველები შეძლებდნენ შიდა საკლუბო დონის ამაღლებას. და როგორც იტალიელებს 10 წლის წინ, თავის გამოჩენის შემთხვევაში, ქართული პროფესიული კლუბებიც შეძლებდნენ პრო 12-თან მიერთებას.

ვფიქრობ, ექვსი ერისთვის იტალიისა და საქართველოს ნაკრებების პლეი ოფში, შინ და გარეთ თამაშიც არაა ცუდი იდეა, მაგრამ რაღაც ნამდვილად უნდა გაკეთდეს, რაც იტალიელებს აიძულებს უკეთესები გახდნენ. რაც არ უნდა იყოს, ულაპარაკოა, საქართველომ დაიმსახურა უძლიერესებთან თამაშის უფლება, მაშინ, როდესაც იტალიელები მხოლოდ ფულს აკეთებენ“.

www.worldrugby.ge

თეგებიექვსი ერი
0.11542