ფორმულა 1-ის მექსიკის დიდი პრიზის პრომოუტერი ალეხანდრო სობერონი იქადნის, რომ წლევანდელ რბოლას შარშანდლზე მეტი მაყურებელი დაესწრება. უფრო მეტიც, ის ფიქრობს, რომ მალე ბილეთები სრულად გაიყიდება. შარშან მექსიკის რბოლას სამივე დღეს 336 174 მაყურებელი დაესწრო. ამაზე მეტი მაყურებელი მხოლოდ სილვერსტოუნის რბოლას ჰყავდა. ცნობისათვის, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარს, მექსიკური დიდი პრიზი 23-წლიანი პაუზის შაუბრუნდა.
„ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რაც შარშანდლ რბოლაზე გვქონდა, მაგრამ უფრო უკეთესიც შეგვიძლია. უკვე სამი კვირაა, რაც ბილეთების გაყიდვა დავიწყეთ და 80-81 პროცენტზე მეტი უკვე გაყიდულია. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა. დიდ ინტერესს იჩენენ უცხოელებიც. შარშანდელთან შედარებით, მათი რიცხვი უკვე გაზრდილია. იმასაც ვფიქრობთ, რომ ტრიბუნის ტევადობა ცოტათი გავზარდოთ კიდეც. ეჭვიც არ მეპარება, რომ კვლავ რეკორდული დასწრება გვექნება“, - ამბობს სობერონი.
ფორმულა 1-ის მასპინძლობით, მექსიკამ უზარმაზარი მოგება მიიღო. ქვეყნის ეკონომიკამ ამით 232.8 მილიონი დოლარი იხეირა. გარდა ამისა, მსოფლიო მედიაში ქვეყანას 277.8 მილიონი დოლარის ღირებულების რეკლამის ექვივალენტური გაშუქება ჰქონდა. ეს კი მექსიკისთვის არაპირდაპირი მოგების წყაროა.
„გასულ წელს დიდი გამოწვევა გვქონდა და ვამაყობთ, რომ მექსიკამ მსოფლიო გააკვირვა. რბოლის ორგანიზების ჩვენეული კონცეპციით, მექსიკამ ბევრი მოიგო. ამ კონცეპციის ნაწილია სტადიონის სექცია, სადაც ფანებს მრბოლებთან სიახლოვის საშუალება ჰქონდათ. ამან ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს, რათა ფანებმა წელს კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ. ჩვენ კმაყოფილები ვართ და მუშაობას ვაგრძელებთ“, - დასძენს სობერონი.







