საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა გია გეგუჩაძეს. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულმა ნაკრებმა “მიხეილ მესხის” სტადიონზე სან მარინოს შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს ადვილად, 4:0 მოუგო. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გეგუჩაძემ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში ამ გუნდს მეტის გაკეთებაც შეუძლია.
გია გეგუჩაძე (საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ რიგში ვიტყოდი, რომ სასიხარულო იყო სადებიუტო მატჩში მოგება. ფეხბურთელებიდან თავდადებას ვგრძნობდი, შეტევაში კომბინაციური თამაში მიდიოდა და ასევე, არ გვავიწყდებოდა შესაძლო კონტრშეტევები, რის გამოც პრესინგს მივმართავდით. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო, მაგრამ პირველი თამაშის მოგება მაინც გასახარია. ამასთან, ვიცით, რომ მაღალი დონის მეტოქე არ გვყოლია, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია.
მწვრთნელებმა გადავწყვიტეთ, რომ კაპიტანი გიორგი აბურჯანია ყოფილიყო, მაგრამ ეს მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაში. ის, დვალი და კაჭარავა ხვალიდან ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან. რაც შეეხებათ მათ შემცვლელებს, შევხედავთ, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია.
ვფიქრობ, ლეგიონერებს მეტი შეუძლიათ და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზეც დიდ იმედს ვამყარებ. მთლიანობაში კი, დღეს უკმაყოფილო არცერთი ფეხბურთელით ვარ”.
მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კი აღნიშნა, რომ საქართველო კარგი გუნდია. ამასთან სან მარინოს მგზავრობა დიდ ხანს მოუწია და შედეგი არ გაკვირვებია. მისი თქმით, მათი მიზანია მომავალში თამაშის ხარისხი გააუმჯობესონ.