სადღეისოდ ბევრს უნდა შეემჩნია ქართული რაგბის სტაბილური აღმასვლა, მას შემდეგ, რაც 1989 წელს ბორჯღალოსნებმა პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშეს. ამჟამად კი, 10 ტურნირიდან 9-ის მოგებით და 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ავტომატური კვალიფიკაციით, საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც რაგბი ევროპის დომინანტი ძალა. ეს სტატია ეძღვენება ქართული რაგბის უპრეცენდენტო ზრდას და მიზეზებს იმისა, რომ მისი აღმასვლა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
მსოფლიო რაგბს თუ დავაკვირდებით, მისი ისტორია გლობალურ იერარქიულ დონეზე მხოლოდ მცირედით თუ შეიცვალა. გასულ ერასთან შედარებით, ფართოდ თუ განვიხილავთ ამ საკითხს, ტოპ 15-16 ქვეყანა უკანასკნელი 60-70 წლის განმავლობაში საერთოდ არ შეცვლილა. მათ შორის არც არგენტინა, რომელიც ხშირად აღიქმება როგორც ახალი ძალა, თუმცა რეალურად მას მდიდარი სპორტული ისტორია აქვს, რომელიც 5 ერისა და 3 ერის მონაწილე გუნდებთან მოპოვებული გამარჯვებებით შედგება და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არგენტინა მანამ სანამ პროფესიონალურ რაგბს ითამაშებდა, მანამდე უკვე ტოპ 10-12-ეულში მოიაზრებოდა.
ანალოგიურად შეგვიძლია ავღნიშნოთ კანადა, რუმინეთი, იტალია, იაპონია, ამერიკა და წყნარი ოკეანის კუნძულები. ყველა ეს ნაკრები ყურადღების ცენტრშია მსოფლიო თასის პირველი გათამაშებებიდანვე და უმალვე შეუერთდებოდა 5 ერის და 3 ერის გათამაშებას, მსოფლიო თასი 1987 წლამდე რომ არსებულიყო. ახალი აღმოჩენები მსოფლიო თასზე იშვიათი მოვლენაა.
არსებობს ერთადერთი ერი, რომელიც არსაიდან გამოჩნდა და ნამდვილად მტკიცედ გაარღვია ტოპ 15 ქვეყნების ზღვარი. ეს ქვეყანა საქართველოა, რომლის სპორტული ზრდაც უპრეცენდენტოდ განვითარდა. ასეთი სწრაფი და დიდი ნახტომი, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა გააკეთეს, არასდროს არცერთ ქვეყანას არ უჩვენებია.
თუ ჩვენ 1995 წლის მსოფლიო თასს გადავხედავთ, სადაც საქართველო შესარჩევში ეტაპში პირველად ჩაერთო, ისინი საკვალიფიკაციო რაუნდიდან (მაისი 1993) ერთი მოგების გარეშე გამოვარდნენ, რადგანაც რუსეთთანაც და პოლონეთთანაც დამარცხდნენ და ჯგუფიდან ამოსვლა ვერ მოახერხეს.
ამ პერიოდში, საქართველო ფირა-ს ალაფის მესამე დივიზიონში თამაშობდა, რომელიც გაურკვეველი სარაგბო ქვეყნების სიაში შედიოდა, მაგალითად, როგორებიც იყვნენ ლატვია, ლუქსემბურგი და შვეიცარია. საერთო ჯამში კი დანარჩენი 22 ევროპული ქვეყანა რეიტინგში მათ ზემოთ იმყოფებოდა. შემდეგ კი ყოველ 4 წლიან ციკლში ქართული რაგბი მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა.
1999 წლიდან დაიწყო საქართველოს მიერ რუსეთთან მოგებული ყოველწლიური მატჩების სერია, მსოფლიოს საკვალიფიკაციოებში ბორჯღალოსნებმა რეპეშაჟის სტადიამდე მიაღწიეს (სადაც ტონგასთან ორი თამაშის ჯამში წააგეს) და ევროპის ერთა თასის (6 ერის) ზედა დივიზიონში ავიდნენ.
2003 წლიდან, მათ პირველად მიაღწიეს მსოფლიო თასს და მიუხედავად იმისა, რომ მათმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ურუგვაისთან წააგო, ისინი იმ პერიოდში ითვლებოდნენ, როგორც ერთა თასის მეორე ყველაზე ძლიერ ქვეყნად რუმინეთის შემდეგ.
2007 წლისთვის, მათ მოიგეს პირველი მატჩი მსოფლიო თასზე ნამიბიის წინააღმდეგ და საკმაოდ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს პირველი დონის ქვეყნებს, როგორებიც იყვნენ არგენტინა და ირლანდია, ახლა კი 6 ერის გარეთ ყველაზე ძლიერ ევროპულ სარაგბო ქვეყნად ითვლებიან. რუმინეთთან ერთად ითვლებოდნენ...
2011 წელს, საქართველო გახდა რაგბი ევროპის ყველაზე ძლიერი მონაწილე, რომელმაც 5 ტურნირიდან 4 გამარჯვებულის ტიტულით დაასრულა და მისი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა მსოფლიო თასზე მისი ყოფილი მოწინააღმდეგის რუმინეთის დამარცხებით.
2015 წელს, ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ტურნირზე დომინანტის სახელი უფრო გაამყარეს და 9 ჩატარებული ტურნირიდან 8 გამარჯვებით დაასრულეს, რის შემდეგაც მათი მიზნებიც გაიზარდა და სწორედ ამ წელს მთავრმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ “ჩვენთვის რუმინეთთან თამაშის გარდა, ეს ტურნირი დროის კარგვაა”, რასაც ამავე წელს დაემატა სამოასთან და იაპონიასთან მოპოვებული გამარჯვებებიც და მსოფლიო თასზე ტონგას დამარცხება.
კიდევ უფრო ნათლად რომ დავინახოთ მათი პროგრესი, უბრალოდ შევადაროთ 20 წლის წინ ნიდერლანდებთან 55:3 ანგარიშით დამარცხებული საქართველო და გასულ შემოდგომაზე 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოპოვებული ავტომატური კვალიფიკაცია.
ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდებიან და აღმავლობის გამრუდება კი ჯერ ძალიან შორს არის მათგან.
ის, თუ სად იყო საქართველო სულ რაღაც 10 წლის წინ ნიშანდობლივი და გასათვალისწინებელი ფაქტია.
2003 წლის მსოფლიო თასზე საქართველო წარდმოგენილი იყო, როგორ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ქვეყანა.
მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა კლოდ სორელმა თავად გაიღო ხარჯი გუნდის ოფიციალური ფორმის შესაძენად და ვიდეო ანალიზისთვის ტურნირზე საკუთარი კამერა წაიღო. მათი შეკრების პირველი ერთი თვე და კანადასთან დაგეგმილი 2 სპარინგ მატჩი კი ფინანსური მიზეზების გამო გადაიდო.
მაშინდელი ხაზის მოთამაშე გრეგორი იაშვილი ხშირად საუბრობდა ძირითადი აღჭურვილობის ნაკლებობაზე, მაგალითად მათ არ გააჩნდათ შესაბოჭი ტომრები, დამცავი სამხრეები და შერკინების დაზგები. ასევე არსებობდა ჭორები (შეიძლება ეს უბრალოდ სარაგბო ფოლკლორიც იყოს), რომ შერკინების დაზგების მაგივრად ისინი ძველი საბჭოთა კავშირის ტრაქტორებს იყენებდნენ.
გუნდის კაპიტანმა ილია ზედგინიძემაც კი დაიჩივლა, რომ მთავრობის მხარდჭერის ნაკლებობას განიცდიდნენ, რომელიც მისი თქმით “რაგბს საზოგადოებრივი ინტერესის საგნად არ აღიარებდა”. ძირითადი სავარჯიშო აღჭურვილობის დეფიციტთან ერთად და იმ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ 8 სარაგბო მოედნის არსებობის ფონზე, სორელმა მოთამაშეებს ფრანგული საკლუბო რაგბისკენ გაუხსნა გზა.
ასეთი მწირი სავარჯიშო გარემოების მიუხედავად, უამრავი სპორტსმენი, რომელსაც სარაგბო ისტორია არ ჰქონდა, სხვა სპორტიდან გადმოვიდა რაგბში.
ამის კარგი მაგალითია ყოფილი მოჭიდავე, არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონი იუნიორთა შორის ლევან ცაბაძე, რომელმაც ქართული რაგბის გარიჟრაჟზე გაიბრწყინა. სწორედ მისგან დაიწყო ქართველი ბურჯების პოპულარობა ფრანგულ ტოპ 14-ში. ქართული რაგბის ახლანდელი სახეები, მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი, ორივე მათგანი 17 წლის ასაკში კალათბურთიდან და ჭიდაობიდან გადმოერთო რაგბში.
ეს ყველაფერი უკვე შეიცვალა. გაუქმებულ შეკრებებსა და მწვრთნელების მიერ საკუთარი ხარჯებით შეძენილ სათამაშო ფორმებზე ისტორიები უკვე წარსულს ჩაბარდა.
თუმცა ეს ის თაობაა, რომელიც 2003 წელს საქართველოს ნაკრებში ასპარეზობდა, ირაკლი მაჩხანელისა და გიორგი ჩხაიძის ჩათვლით, რომლებსაც საკუთარი კარიერის განმავლობაში ამ სირთულეებთან მოუწიათ შეჯახება, რომლებსაც ხშირად კუსტარულ მოედნებზე უწევდათ ვარჯიში, თუმცა დღევანდელ დღემდე მოვიდნენ და ახლა “ქართუ ჯგუფის” ინვესტიციის შედეგად, მათ მსოფლიო დონის სავარჯიშო გარემო შეუქმნეს.
უკანასკნელ მსოფლიო თასამდე, მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე პროფესიონალურად მომზადებული საქართველოს ნაკრები, რომელმაც ფიზ-მომზადებას თვეები დაუთმო და პოლონეთში ვორენ გათლანდის მიერ ნაქები კრიოთერაფიის კურსიც კი გაიარა.
რაც შეეხება ქართველი მორაგბეების ახალ თაობას, მაგალითად მერაბ შარიქაძე და ვასილ ლობჟანიძე, მათ ახალგაზრდულ ნაკრებებში მოუწიათ გაზრდა და შესაბამისად, მათ უკეთესი წვრთნა და პროცედურები გაიარეს.
გასულ მსოფლიო თასზე, საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა რაზმი ჰყავდა წარმოდგენილი, რომლის მოთამაშეთა უმრავლესობა 1990 წელს არის დაბადებული. მათ იქ არამხოლოდ ახალწვეულთა გამოცდილება მიიღეს, არამედ ისინი გუნდის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ.
ვიტო კოლელიშვილი ჯერ კიდევ 26 წლის არის, მიშა ნარიაშვილი – 25, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე და გიორგი თხილაიშვილი – 24, თამაზ მჭედლიძე – 22. 2019 წელს თითოეული მათგანი კარიერისთვის საუკეთესო ასაკში იქნება. ლობჟანიძეს კი, რომელიც წელს მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახლაგაზრდა მორაგბე გახდა, პოტენციაში კიდევ მომავალი 3 მსოფლიო თასი აქვს.
ამ ყველაფრის მიღმა, კიდევ უფრო დიდ მომავალს გვპირდებიან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები, რომლებიც შარშან ისტორიაში საუკეთესო წარმოდგენა აჩვენეს.
2015 წლის მსოფლიო თასის წინა პერიოდში, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ირლანდიას 3 ყველაზე კონკურენტული მატჩი ეთამაშა, მათ შორის ბოლო ძირითად დროში ფრედ დასრულდა და ქართველებმა შუთაუთის შედეგად მოიგეს. ამავე დონეზე იტალიასთან 4 შეხვედრიდან 3-ში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს.
საბოლოოდ, ეს პროგრესი 20-წლამდელთა წარმატებად გარდაისახა: შარშან მათ არათუ გაიმარჯვეს ახალგაზრდულ მსოფლიო ალაფაზე, არამედ პირწმინდად წალეკეს მთელი ტურნირი ფავორიტი ფიჯი (30:13) და შემდეგ ფინალში კანადის წინააღმდეგ 49 ქულა მოიპოვეს.
ეს იყო მკაფიო და ყოვლისმომცველი გამარჯვებები მრავალფეროვანი კლასიკური შეტევით, უკანა ხაზის ოსტატური თამაშით და შერკინების მძლავრი დომინირებით. რაც განსაკუთრებულად იმედისმომცემია უფროსი ბორჯღალოსნების ნაკლოვანებების აღმოფხვრის კუთხით (ამის ნათელი მაგალითი გახლდათ მსოფლიო თასზე ნამიბიასთან თამაში).
ამ ტურნირის დასრულებისთანავე ფორვარდების უმეტესობა საფრანგეთის წამყვან კლუბებში მოხვდა, ისეთებში, როგორიცაა ტულონი, კლერმონი და სტად ფრანსე. უკანახაზელებიდან კი საფრანგეთის ყურადღება მხოლოდ ლობჟანიძემ დაიმსახურა, თუმცა მოედანზე სხვებმაც გამოიჩინეს თავი, მათ შორის გამთამაშებელმა რეზი ჯინჭველაშვილმა, ბეკების მძლავრმა სამეულმა: იოსებ კიკვაძემ, ანზორ სიჭინავამ და ირაკლი სვანიძემ. ტრადიციულად, ეს ქართველებისთვის ყველაზე სუსტი პოზიციებია.
ახლა კი, როცა ოცწლამდელებმა პირველად მიაღწიეს ტოპ დივიზიონს, მათ ამასთან ერთად იმის გარანტიაც მოიპოვეს, რომ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ამ დონეზე ითამაშებენ, რადგანაც ისინი 2017 წლის ტურნირს თავადვე მასპინძლობენ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს, როგორც სარაგბო ქვეყნის განვითარებაზე, რომელიც 8 მოედნიანი ქვეყნიდან 10 წლის თავზე მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ტურნირს მასპინძლობს.
2007 წლამდე პერიოდიდან, სანამ “ქართუ ჯგუფმა” 2008 წელს პირველად გამოხატა ინტერესი ამ სპორტის მიმართ, ამჟამინდელი საქართველოს ნაკრები რამდენიმე იმ პერიოდის მოთამაშისგან ისევ კომპლექტდება. მათ შორის არიან გორგოძე, ჩხაიძე, კვირიკაშვილი და კაჭარავა, რომლებსაც წარსულში არასდროს ჰქონიათ ისეთი ხელშეწყობა, როგორიც ახლა ასაკობრივ ნაკრებებს აქვთ.
მსოფლიო თასზე ღირსეული ადგილის დაკავება, სწორედ ამ თაობის დამსახურებაა, როგორც 6 ერის გარეთ მყოფი ევროპის საუკეთესო გუნდისა, რომელსაც სპორტის ქომაგთა ყურადღება და გაზრდილი დაფინანსება დაიმსახურეს. თუმცა ეს მომავალმა თაობამაც ღირსეულად უნდა გადაიბაროს.
ამჯერად ის მოთამაშეები, რომელთათვისაც ეროვნული ნაკრები ჯერ შორს არის, ასაკობრივ ნაკრებებში ისეთი დონის წვრთნას გადიან, რაზეც 2003 წელს ვერცერთი ეროვნული ნაკრების მორაგბე ვერ იოცნებებდა. ამიტომ საკმაოდ რეალურია ის ფაქტი, რომ 2019 და 2023 წლების მსოფლიო თასზე საქართველოს შეუცვლელი გორგოძის გარდა, გუნდში თითოეულ პოზიციაზე უძლიერესი მოთამაშე ეყოლება.
ამ დონეზე მყოფი საქართველოსგან მომავალ 4-5 წელიწადში ის უფრო საკვირველი იქნება, რომ ვერ განვითარდეს და უფრო მაღალ საფეხურზე ვერ ავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მაინც არსებობს თაობათა ცვლის გარკვეული პრობლემები, ჰეიგის ამბიცია, რომ საქართველო ტოპ 10-ეულში შევიდეს, რეალობიდან შორს ნამდვილად არ დგას.
ნათელია, რომ წინ კიდევ უამრავი გამოწვევაა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ის არის, რომ ტოპ ათეულში მყოფ გუნდებთან მათ თითქმის არ უწევთ დაპირისპირება და მათი ამოცანა, რომ 6 ერში იასპარეზონ, კატეგორიულად უარყოფილია. სხვა სიტყვებით, საქართველოს აკლდება ხარისხიანი თამაშის გამოცდილება და კომერციული შემოსავლები. გარდა ამისა, ქართველები ვერასდროს დაეწევიან ელიტურ ნაკრებებს ტექნიკური თუ ფიზიკური მომზადების დონეში მანამ, სანამ ბორჯღალოსანთა ძირითადი ნაწილი საფრანგეთში ითამაშებს.
საქართველო მსოფლიო რაგბისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. საქართველო განსხვავდება როგორც ჩრდილოეთ ამერიკისგან, ისე ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან; რადგანაც ამ ქვეყნებს გააჩნიათ მაღალი პოტენციალის მქონე კომერციული ბაზარი და თუმცა, სპორტი იქ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, სამაგიეროდ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ქვეყნებში რაგბის განვითარება ჩავარდეს ადმინისტრატორების არაკომპეტენტურობის, უხარისხო ინფრასტრუქტურის ან მოსახლეობის სიმცირის გამო, როგორც ეს ოკეანიაშიც ხდება.
სპორტისკენ მიდრეკილ ერს, ისიც უმაგრებს ზურგს, რომ 55 000 ადგილიანი სტადიონი ივსება. საქართველო მეორე დონის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელსაც უდიდესი პოტენცია აქვს, რომ რაგბი ქვეყნის კულტურის ნაწილი გახდეს.
ასეთი ქვეყნის მოპოვება კი თავად სპორტისთვის იქნება უდიდესი დანამატი. ჩნდება კითხვა, თუ ხედავს მსოფლიო რაგბის ან 6 ერის წარმომადგენლობა ასეთ კარგ შანსს. და მიუხედავად ქომაგთა გარკვეული მხარდაჭერისა, მედიაში გამოქვეყნებული ორიოდე სტატიისა თუ საკლუბო დონეზე გაკვრით ნათქვამი ამბებისა, ეს კითხვა პირდაპირ იწვევს ორივე გადაწყვეტილების მიმღები მხარის უარყოფით რეაქციას...
თარგმანი tier2rugby-ს სტატიის მიხედვით
www.rugby.ge