მადრიდის “ატლეტიკოს” დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. მას შემდეგ, რაც შაბათს ხოსე მარია ხიმენესი დაშავდა, კლუბს ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი, 20 წლის ლუკას ერნანდესი შემორჩა, რომელიც სიმეონესთვის მეოთხე არჩევანია და ძირითადის მოთამაშედ ნამდვილად არ ითვლება.
“ატლეტიკო” ლა ლიგაში ყველაზე ცოტა ბურთს უშვებს (30 მატჩში 14 გოლი), მაგრამ ბოლო ტურში “ხიხონთან” წაგებულ (1:2) შეხვედრაში სიმეონეს გუნდს ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ ესპანეთში საუკეთესო დაცვა ჰყავს. გარდა იმისა, რომ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს (“ბარსელონას” შემდეგ “ხიხონი” პირველი გუნდი გახდა მიმდინარე ლა ლიგაში, რომელმაც “ატლეტიკოს” ერთ ბურთზე მეტი გაუტანა), კიდევ რამდენიმე 100%-იანი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ასტურიელებს სიზუსტე დააკლდათ.
ხიმენესის ტრავმა კი სერიოზული აღმოჩნდა. მას მარჯვენა მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული და დაახლოებით 2-3 კვირა ვერ შეძლებს თამაშს. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა “ბარსელონასთან” გასამართი საჩემპიონთალიგო შეხვედრა გამოტოვოს, რომელიც 5 აპრილს გაიმართება.
ხიმენესის გარდა, დამტვრეულები არიან დიეგო გოდინი და სტეფან სავიჩი, რომელთა თამაშიც ასევე საეჭვოა “ბლაუგრანასთან”.
ამრიგად, დიეგო სიმეონეს განკარგულებაში ამჟამად მხოლოდ 20 წლის ერნანდესია, რომელსაც მიმდინარე სეზონში სულ 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა მცველმა ვერ მოასწრო გამოჯანმრთლება, დიეგოს სავარაუდოდ რომელიმე მოთამაშისთვის ამპლუის შეცვლა მოუწევს (ნაკლებად სავარაუდოა ასეთი რანგის მატჩში ახალგაზრდული გუნდიდან დაიმატოს მცველი), მაგრამ ასეთი დაცვით რამდენად შეძლებს მესი-სუარესი-ნეიმარის მრისხანე ტრიოს შეჩერებას, ეგ კიდევ ცალკე საკითხია.
მოკლედ, “ჩოლო” სანაკრებო პაუზების მიუხედვად მაინც ვერ დაისვენებს და ძალიან სერიოზული საფიქრალი აქვს...