ახალი სეზონის პირველი რბოლა, ავსტრალიის დიდი პრიზი ფერნანდო ალონსოს ავარიითაც იყო გამორჩეული. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მე-16 წრეზე, როცა „ჰაასის“ ესტებან გუტიერესის გასწრებას ცდილობდა, მექსიკელის მანქანას „წამოედო“. მისი „მაკლარენი“ უმართავი გახდა, უახლოეს კედლს დაეჯახა და იქიდან ასხლეტილი, როცა გრუნტზე გადავიდა, ამოყირავდა. ერთნახევარი ბრუნის შემდეგ, მანქანა უსაფრთხოები ზონაში არსებულ კედელთან თავდაყიდა გაჩერდა.
ალონსო მანქანიდან დამოუკიდებლად გადმოვიდა. ის მაშინვე მოიკითხა გუტიერესმა, რომელიც ესპენელზე მეტად იყო შეშინებული - მისი მანქანა გაცილებით ნაკლებად დაზიანდა, მაგრამ მექსიკელი „მაკლარენის“ პილოტის დამტვრეულმა ბოლიდმა შეაშინა. ორივე ადგილობრივ სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს, სადაც ყოველი შემთხვევისთვის გასინჯეს. ბედად, მძიმე შემთხვევას ორივე უვნებლად გადაურჩა.
რბოლის შემდგომ, სტიუარდებმა განიხილეს შემთხვევა და ვერცერთი პილოტის ბრალი ვერ დააფიქსირეს. შესაბამისად, ავარია სარბოლო ინციდენტად შერაცხეს. შეჯახება მაშინ მოხდა, როცა ორივე ავტომობილის სიჩქარე 300 კმ/სთ-ზე მაღალი იყო. ალონსო მეტოქის გასწრებას ცდილობდა. გუტიერესი ტრასის შუა ტრაექტორიაზე მოძრაობდა. ალონსომ ჯერ მარჯვნიდან გასწრება სცადა, მაგრამ ჩათვალა, რომ საკმარისი ადგილი არ იყო და მარცხნივ გადაინაცვლა. მაგრამ ვერ გათვალა და მარჯვენა წინა ბორბლით, „ჰაასის“ მარცხენა უკანას წამოედო. „მაკლარენი“ უმალ სამი ბორბლის ამარა დარჩა და მართვადაკარგული, ახლოს მდებარე კედელს დაეჯახა, საიდან ასხლეტილმაც, ჯერ ტრასა სიგანეზე გადაკვეთა და როგორც კი გრუნტის ზოლში გადაინაცვლა, მაშინვე ამოტრიალდა...
ტრასაზე ასობით ნამსხრევი მიმოიფანტა, რომელთა გამოც, რბოლა წითელი ალმებით შეწყდა. ტრასის გაწმენდას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა, შემდეგ კი ამ ორი პილოტის გარეშე გაგრძელდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გუტიერესის ავარიის მიუხედავად, ფორმულა 1-ში „ჰაასის“ დებიუტი წარმატებული გამოდგა - მისმა პილოტმა რომენ გროჟანმა ფინიშის ხაზი მეექვსემ გადაკვეთა. რაც შეეხება ალონსოს თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს, განხლებულ რბოლაში მას სხვებისგან განსხვავებული ტაქტიკა შეურჩიეს, რამაც არ გაამართლა და ის მე-14 ადგილს დასჯერდა.
„ძალიან გამიმართლა, რომ გადავრჩი და სერიოზული არაფერი შემემთხვა. ჩვენი შეჯახება ფაქტორების კომბინაციამ განაპირობა. მე მფრინავ ავტომობილში აღმოვჩნდი და ჯერ ცა დავინახე, შემდეგ მიწა, შემდეგ ისევ ცა და როცა მანქანა ძირს დაეშვა, მცირე ჭრილი დავინახე. სასწრაფოდ იქიდან გამოვძვერი, რათა დედაჩემს დავენახე და დარწმუნებულიყო, რომ გადავრჩი! ეს სარბოლო ინციდნტი იყო - ძალიან მიხარია, რომ ორივენი კარგად ვართ და მთავარი სწორედ ესაა“, - განაცხადა ალონსომ.
თუმცა, იქვე დასძენს, რომ როგორც კი ყველაფერმა ჩაიარა, გაწბილებული დარჩა, რადგან მელბურნში პირველი ქულების მოპოვების რეალური შანსი გვქონდა და ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვიო. თანაც, ძალური დანადგარი დავკარგე, რაც სეზონში ლიმიტირებული არისო.
„ყოველთვის, როცა ფორმულა 1-ის მანქანაში ვჯდებით, დიდ რისკზე მივდივართ. მთავარია, რომ გადავრჩი და კარგად ვარ. და ამის მიზეზი ისაა, რომ FIA ჩვენს უსაფრთხოებაზე ფანატიკურად მუშაობს და ეს საქმე უმაღლეს დონეზე აიყვანა. და ძალიან მადლობელი ვარ „მაკლარენის“ თანამშრომლების, რომლებმაც ჩემთვის ასეთი მტკიცე და უსაფრთხო მანქანა გააკეთეს“, - დასძენს ალონსო.







