დანიელ რიკიარდოს ავსტრალიის დიდი პრიზის კვარცხლბეკამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ თავისი რბოლით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ კვარცხლბეკისთვის ბრძლას მონრეალის რბოლისთვის შეძლებს. გასულ სეზონში რიკიარდოს და „რედ ბულს“ უამრავი პრობლემები ჰქონდათ „რენოს“ არასაიმედო ძრავისგან, თუმცა ახალი სეზონის დასაწყისშივე ძველი პრობლემები გაქრა, რამაც ოზ პილოტს კვარცხლბეკისთვის ბრძოლის შანსი მისცა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგა ხანს მოწინავე სამეულში ვიყავით და ახლოს ვიყავი მიზანთან, რომ საშინაო რბოლაში კვარცხლბეკზე დავმდგარიყავი. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. მეოთხე ადგილი შესანიშნავია, მაგრამ უფრო მეტად იმან გამახარა, რომ კარგი სიჩქარე გვქონდა. „მერსედესის“ და „ფერარისგან“ შორს არ ვიყავით და კარგად ჩამოვიტოვეთ „უილიამსი“ და დანარჩენები. როცა მოსალოდნელზე მეტს პირველივე რბოლაში მიიღებ, ამას კმაყოფილება მოაქვს“, - ამბობს რიკიარდო.
არ გაუმართლა რიკიარდოს თანაგუნდელ დანილ კვიატს, ვისაც აგრეგატი გასახურებელი წრის შემდეგ, სასტარტო რიგში დადგომამდე ჩაუქვრა. გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი თავისი პილოტის გამოსვლით და მანქანის, განსაკუთრებით კი ძალური დანადგარის მუშაობით კმაყოფილი დარჩა. ის ამბობს, რომ გუნდი „რენოსგან“ გაუმჯობესებულ აგრეგატს მონრეალში ელის და ფიქრობს, რომ ამის შემდეგ, შედეგებიც გაუმჯობესდება. მანამდე კი „რედ ბული“ ხუთეულში მოხვედრისთვის იბრძოლებს.







