რაგბი

21:23 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს და ინგლისს კარგი ცხოვრება დაუდგათ

ამ უქმეებზე დიდი სლემით რომ გაიმარჯვეს, ინგლისმა რეიტინგში უელსს გადაუსწრო, საქართველომ კი უკვე მერამდენედ მოიგო ერთა თასი. ინგლისი და საქართველო მსოფლიო თასის შემდეგ, სრულიად განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდნენ.

თუ ინგლისს ახალი მწვრთნელის თაოსნობით ხელახალი შენება დასჭირდა მას შემდეგ რაც, რბილად რომ ვთქვათ, მსოფლიო თასზე იმედები გაუცრუვდა, საქართველოს პირიქით, მიზნად მსოფლიოზე აკრეფილი ტემპის შენარჩუნება და გაუმჯობესება ჰქონდა.

ხუთიდან ხუთი მოგებით ორივე გუნდი ზაფხულის ტესტებისთვის მზადებას კარგი განწყობით შეუდგება. ინგლისი, როგორც ჩრდილო-ნახევარსფეროს პირველადგილოსანი, ავსტრალიაში გაემგზავრება, საქართველომ კი რეიტინგში მე-12 ადგილი გაიმყარა.

მორიგჯერ ტურნირის მოგებით, საქართველომ კიდევ ერთი დომინანტური სეზონი ჩაატარა ერთა თასზე და თბილისში, “დინამო არენაზე” შეკრებილი 52 ათასი ქომაგის წინაშე რეკორდული სხვაობით – 38:9 დაამარცხა უახლოესი მდევარი რუმინეთი.

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთბალანსი “ბორჯღალოსნებს” უკეთესი ჰქონდათ, მათ რუმინეთისთვის მანამდე ამხელა სხვაობით არ მოეგოთ.

პირველ ნახევარში ანტონ ფეიქრიშვილის ორმა და სანდრო თოდუას ერთმა ლელომ “ბორჯღალოსნები” 19:9 დააწინაურა. რუმინელთათვის ქულები მხოლოდ ფლორინ ვლაიკუმ გაახერხა, რომელმაც იმ დღეს 90-ე კეპი მოიხვეჭა.

მეორე ნახევარში კი გიორგი ფრუიძემ, გიორგი ნემსაძემ და კარლენ ასიეშვილმა გაიბრწყინეს ლელოებით, ხოლო დასრულებამდე თითო-თითო ყვითელი ბარათი კაჭარავამ და ფლორინ ვლაიკუმ მიიღეს.

ამ გამარჯვებით ქართველებმა 0.41 სარეიტინგო ქულა დაიმატეს და მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილი გაიმყარეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ცხრილის ძირში კი სიახლეა. გერმანიამ 17:17 დაასრულა მატჩი ესპანეთთან, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დივიზიონში დარჩენილიყო. რუსეთმა პორტუგალიას 53:21 სძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ A1 დივიზიონში პორტუგალიამ ადგილი ბელგიას დაუთმო.

მომზადებულია მსოფლიო რაგბის სტატიის მიხედვით >>> წყარო

www.rugby.ge

0.121558