ფეხბურთი

19:45 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი და ტრავმის რისკის ფაქტორები
ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილთან

ერთი წელია, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი მერაბ ვარძუკაშვილია. ახალგაზრდა ექიმზე ხშირად უთქვამთ ნაკრების ფეხბურთელებს, მისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ, გვიკავშირდება და ჯანმრთელობის ამბებს გვეკითხებაო. ვარძუკაშვილი ორთოპედ-ტრავმატოლოგია, სპორტული მედიცინის დარგში ორი ლიცენზია აქვს, გავლილი აქვს პრაქტიკები გერმანიაში, თურქეთში, აშშ-ში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში...

ვარძუკაშვილი worldsport.ge-ს რესპონდენტია.

ხელოვნურ საფარზე: გერმანიაში ხშირად ვყოფილვარ, “შტუტგარტისა” და “ჰოფენჰაიმის” ექიმებთან მჭიდრო საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. გერმანიაშიც არის ხელოვნურები და საერთოდ, თითქმის ყველგან არის, მაგრამ გააჩნია საფარის ხარისხს. ვერ ვიტყვი, რომ “შლატერები” მხოლოდ ხელოვნურის ბრალია. ყველაზე უფრო ცუდია მონაცვლეობა, აი, როცა ფეხბურთელი ხან ხელოვნურზე ვარჯიშობს, ხან ბუნებრივზე და ხშირად იცვლის. საერთოდ, მე წინააღმდეგი ვარ ხელოვნური საფარისა, რადგან ტრავმის მიღების ალბათობა იზრდება.

...“შლატერი” შეიძლება განვითარდეს 16 წლის ასაკის ზემოთაც. დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაასრულებს ორგანიზმი ზრდას. სამედიცინო განათლება ვისაც მაღალ დონეზე არ აქვს, “შლატერს” ცოტა ზერელედ უყურებს,. არაფერია და გაივლისო. არადა, სულ რამდენიმე ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა “შლატერმა” მოტეხილობა გამოიწვია.

ნაკრების ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: კლინიკებში, “მედი ქლაბში” და “გიდ მედშიც” ვმუშაობ. ხშირად ნაკრების ფეხბურთელებს ვმკურნალობ იმ დროს, როცა სანაკრებო შეკრება არ აქვთ. ამ ბოლო პერიოდში ზურაბ ხიზანიშვილსა და სანდრო კობახიძეს ვუმკურნალე. კობახიძეს მხარი ჰქონდა ამოვარდნილი, “დნიპროს” ესპანურ შეკრებაზე მიიღო ეს ტრავმა. ჩემთან მკურნალობდა და როცა კლუბში დაბრუნდა, 10 დღეში დაიწყო სრული დატვირთვით ვარჯიში.

...საერთოდ, ხშირია ტრავმები კუნთოვანი სისტემის მხრივ. საკლუბო დონეზე დაძაბული გრაფიკი აქვთ. ზოგადად, დიდი ხნის გაცდენის შემდეგ ორგანიზმის, ასე ვთქვათ, აზრზე მოსვლა ჭირს.

რისკის ფაქტორზე: ფიფას აქვს პროგრამა ფიფა 11 +. ამ პროგრამის მიხედვით სავარჯიშო პროცესისას ტრავმის ალბათობა 35-40 პროცენტით მცირდება. თბილისის “დინამოში” ეს კარგად მუშაობს, ესპანელი ანდრეს კარასკოს აკადემიაში მოსვლისას დაიწყო ამ პროგრამის ამუშავება, როცა მეც “დინამოში” ვსაქმიანობდი, შემდეგ კარასკომ “საბურთალოშიც” მიიტანა. ფიფას დიდი კვლევითი სამუშაოები აქვს ჩატარებული ამ კუთხით.

ყურადღება რეაბილიტაციის პროცესისას: თამამად ვიტყვი, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს თავად სპორტსმენმა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს და ტრავმის გამეორების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. ზოგს ეს არ ესმის. გეტყვის, მნიშვნელოვანი თამაში მაქვს და უნდა მოვასწროო, მაგრამ ეს არასწორი და შეიძლება, კარიერის სერიოზულად შემაფერხებელიც გამოდგეს. ექიმი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ აკონტროლოს რეაბილიტაციის პროცესი, მაგრამ თავად ფეხბურთელმა უნდა დაუჯეროს.

... ექიმი თან ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში რადგან ფეხბურთზე ვსაუბრობთ, უნდა იცოდეს ფეხბურთელის ხასიათი. ზოგიერთი ძალიან განიცდის ტრავმას, ზოგიც – ნაკლებად.

0.119193