თბილისის "დინამოს" სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად ლევან გვანცელაძე დაინიშნა. როგორც თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, დუბლების ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის საპრესკონფერენციო დარბაზში, აკადემიის ბულგარელმა ხელმძღვანელმა ვესელინ ბრანიმიროვმა წარუდგინა.
გვანცელაძე "დინამოს" 17-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, რომელიც ჭაბუკთა ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება. მას სარეზერვო გუნდთან მუშაობაში ასისტენტობას გიორგი შაშიაშვილი გაუწევს. უახლოეს შეხვედრას "დინამოს" დუბლები 25 მარტს ბენდელას სტადიონზე "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარებენ. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დავით ჭიჭვეიშვილი და გიორგი ონიანი "დინამოს" აკადემიაში გააგრძელებენ მწვრთნელობას.