საქართველოს ეროვნული ნაკრების სლოვაკი თავკაცი ვლადიმირ ვაისი დღეს თბილისის “დინამოს” ბაზას ესტუმრა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ვაისი შეხვდა “დინამოს” ხელმძღვანელებს – პრეზიდენტ რომან ფიფიას, დირექტორ მიხეილ ხუციშვილის და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ასევე სლოვაკ იურაი იარაბეკს.
worldsport.ge მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა. საინტერესოა, რა ითქვა შეხვედრისას, როგორი შთაბეჭდილება დარჩა ვაისს “დინამოს” ბაზაზე:
“ვაისმა ორ სლოვაკ თანაშემწესთან ერთად დაათვალიერა ბაზა და ძალიან კმაყოფილი დარჩა. აღიარა, არ ველოდი, ასეთი ბაზა თუ გექნებოდათო. აღნიშნა, ასეთი არათუ სლოვაკეთში, ევროპაშიც კი იშვიათიაო. იურაი იარაბეკს უთხრა, მოხარული ვარ, რომ კარგ ადგილას მოხვდიო”.
ვაისს უთქვამს, “დინამოს” ბაზის ნახევარი პირობები რომ იყოს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”, კარგი იქნებოდაო.
“ჯერჯერობით, ვაისმა მხოლოდ ბაზა დაათვალიერა, უახლოეს პერიოდში კი “დინამოს” აკადემიასაც ესტუმრება. “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მზადაა, ყველანაირად დაეხმაროს ეროვნულ ნაკრებს. ნაკრების აქ ვარჯიში ვერ გამოვა, რადგან “დინამოც” ვარჯიშობს ამ დროს, მაგრამ შეგვიძლია, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ინვენტარით დავეხმაროთ ნაკრებს”.
შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრები ხვალიდან თბილისის ზღვასთან მიმდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე ივარჯიშებს, სადაც მართლაც მშვენიერი მინდვრებია.
ხუციშვილმა გვითხრა, რომ ვაისი და იარაბეკი დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს და კარგი ურთიერთობა აქვთ.
რაც შეეხება “დინამოს” გეგმებს და კონკრეტულად, საზაფხულოდ შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებს:
“ჯერ ჩემპიონობაზე საუბარი ადრეა, სანამ არ გავინაღდებთ. გარდა ამისა, თასიც უნდა მოვიპოვოთ. “დინამოში” არის პოზიციები, რომლებიც გაძლიერებას საჭიროებს. მწვრთნელს აინტერესებს ორი ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობენ, თუმცა არის საუბარი ლეგიონერებზეც. კანდიდატურებს განვიხილავთ, მაგრამ ჯერ გვარების დასახელება არასწორი იქნება”.
ხუციშვილის ადრეც გვითხრა და გაიმეორა, რომ გუნდის მიზანი ევროტურნირების ჯგუფში მოხვედრაა (იქნება ეს ჩემპიონთა ლიგა, თუ თუნდაც ევროპის ლიგა) და ნებისმიერი სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება.