კალათბურთი

23:01 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 6 ქულა შვიდ წუთში    

საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატში შაბათს გამართულ რვავე (!) მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. შესაბამისად, მარცხი (61:74) შეემთხვა გიორგი ცინცაძის “რუენსაც”, რომელიც ერთ-ერთ ლიდერ “მონაკოს” მასპინძლობდა.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ, ისევ მარქაფაში აღმოჩნდა და მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა, თუმცა, საკმაოდ აქტიური კი იყო.

გიორგიმ 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი კი ააცილა და 6 ქულა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა გამთამაშებელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“რუენი” 5 მოგებითა და 19 მარცხით ბოლოსწინა მე-17 პოზიციაზე იმყოფება და უკვე ცხადია, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგანაც უშუალო კონკურენტ “პარი ლევალუას” უკვე 3 გამარჯვებით ჩამორჩება.

ცინცაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 26 მარტს სტუმრად “ორლეანთან” ჩაატარებს.

0.118596