ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა იტალიასთან 0:1 წააგო. ეს ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა, ცენტრში დაიკარგა ბურთი, ჯანლუკა სკამაჩიამ მარცხნიდან წაიღო საჯარიმოსკენ, იქ კი დავიდე ფრატესის გაუკეთა პასი და "რომას" ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელმაც ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.
არადა, ნორმალური პირველი ტაიმი იყო ქართველთა შესრულებით და ალბათ, ყველაზე კარგი ტაიმიც კი ამ ტურნირზე. აპენინელებს სერიოზული ხიფათი არ შეუქმნიათ, ვასილ მაისურაძის გუნდმა კი ორი მომენტი გააცუდა: ჯერ დავით კიკალიშვილმა ააცილა კარგი კომბინაციის შემდეგ, მერე კი გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმას ძლივს გაუმკლავდა მეკარე პიზარი.
იტალიელთაგან პირველ ნახევარში თუ რაიმე გვახსოვს,მშვენიერი ხუთსვლიანი კომბინაცია იყო, ისიც კარში დარტყმით ვერ დასრულდა, რადგან მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა დაასწრო მოისე კინს.
იტალიელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს, ხოლო საქართველოს ამოცანა ურთულესი იყო: სამი ბურთით უნდა მოეგოთ და ამასთან, ბოსნიას რუსეთი უნდა დაემარცხებინა. დაგვეთანხმებით, ამას შანსიც არ ჰქვია.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე სხვა იტალია ვიხილეთ, პირველივე წუთებიდან ჩანდა, რომ დალ კანტოს გუნდი შეტევებს ეძალებოდა და სამჯერ სახიფათო ჯარიმის უფლებაც მოიპვეს. მერე იყო ფრატეზის გოლი და მალევე, ჩვენი მარცხენა მცველის, ლევან ხარაბაძის გაძევება. ხარაბაძემ პირით ხაზთან გამეტებით ფეხი მოარტყა მოისე კინს.
ქართველებს შესვენების შემდეგ ერთი შანსი ჰქონდათ: ლაშა ოზბეთელაშვილმა მარჯვენა ფლანგზე წაართვა ბურთი მეტოქეს, საჯარიმოში შევარდა და ახლო კუთხეში დაურტყა მეკარეს, რომელმაც ცალი ხელით შესძლო რეაგირება.
საბოლოოდ, უქულოდ დავასრულეთ ელიტრაუნდი. აშკარაა, ამ ნაკრებს აკლია ისეთი გამოკვეთილი ინდივიდუალისტები, როგორებიც წინა ასაკობრივ გუნდებს ჰყავდათ. მაგალითად, გიორგი არაბიძე, ლუკა ზარანდია, მანამდე გიორგი პაპუნაშვილი,გიორგი აბურჯანია, ბაჩანა არაბული, გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი.
შესაძლოა, ამ თაობიდანაც არაერთმა კარგი ფეხბურთი ითამაშოს და ჩვენი სურვილიც ეს არის, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფრით გამოირჩნენ. ამ ეტაპზე, თორემ 16-17 წლის ჭაბუკზე ხაზის გადასმა არაა ლამაზი და სწორი საქციელი. ბევრი გვინახავს, ამ ასაკში ვერ გამოირჩეოდნენ, შემდეგ კი მოუმატებიათ.
17-წლამდელები. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი.
საქართველო-იტალია 0:1 (0:0)
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, კუცია, შეწირული, ქავთარაძე, ჩაკვეტაძე (ნინუა 64), დავითაშვილი (გულბანი 56), სპანდერაშვილი (ოზბეთელაშვილი 35)
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
იტალია: პიზარი, ბელანოვა, ბიანკი, ბასტორი, სეტოლა, მარკუჩი, მილიტარი, ოლივიერი (გაბია 80), ფრატეზი, კინი, სკამაჩია (გორი 73)
მწვრთნელი: ალესანდრო დალ კანტო
გოლი: 0:1 ფრატეზი (46)
გაფრთხილება: ქავთარაძე (17), მარკუჩი (31), ფრატეზი (79)
გაძევება: ხარაბაძე (54)
ჯგუფის მეორე მატჩში რუსეთმა 2:1 მოუგო ბოსნიას. ფინალურ ეტაპზე ბოსნია და იტალია გავიდნენ. მართალია, მათ მსგავსად, რუსეთმაც 6 ქულა დააგროვა, მაგრამ სამ გუნდს შორის დაითვალა ბურთების ბალანსი და რუსებს სამიდან ყველაზე უარესი მაჩვენებლები ჰქონდათ.
1. | იტალია | 3 | 2 | 0 | 1 | 5:1 | 6 |
2. | ბოსნია | 3 | 2 | 0 | 1 | 4:3 | 6 |
3. | რუსეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 3:5 | 6 |
4. | საქართველო | 3 | 0 | 0 | 3 | 1:4 | 0 |