ავტოსპორტი

13:03 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგმა გამარჯვებათა სერია გააგრძელა

მელბურნში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა. პირველი რბოლა - ავსტრალიის დიდი პრიზი, „მერსედესის“ გერმანელი პილოტის, ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა, სამქიმიანებმა კი პირველივე ეტაპზე დუბლი შეასრულეს. ამგვარად, როსბერგმა, როგორც იტყვიან, ახალი სეზონი იქიდან დაიწყო, სადაც გასული სეზონი დაასრულა, რომლის ბოლო სამ ეტაპზეც გამარჯვება იზეიმა.

არავინ იცის, პირველი ეტაპი როგორ დასრულდებოდა, რომ არა ავარია, რომლის გამოც, მე-16 წრეზე სტიუარდებმა წითელი ალმები გამოფინეს და რბოლა შეაჩერეს. ავარია ფერნანდო ალონსოსა და ესტებან გუტიერესს შორის მოხდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მექსიკელის გასწრებას ცდილობდა, მაგრამ მანევრი ვერ გათვალა და მისი „მაკლარენი“ მეტოქის „ჰაასს“ უკანა მარცხენა ბორბალზე შეეჯახა. გუტიერესი დატრიალდა და ტრასის მიღმა გაჩერდა. ალონსო კი ჯერ კედელს დაეჯახა, შემდეგ კი, გრუნტზე გადასვლისთანავე ამოყირავდა და ერთნახევარი ბრუნის შემდეგ, კედელთან თავდაყირა გაჩერდა. ბედად, ალონსო დამტვრეული მანქანიდან დამოუკიდებლად ამოვიდა და ტრავმასაც გადაურჩა.

რბოლა კი დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ განახლდა. რაც მთავარია, ამ შემთხვევის გამო, რბოლის მონაწილეებს საბურავების შეცვლის განრიგი შეეცვალათ, რამაც სწორედ „მერსედესის“ სასარგებლოდ იმუშავა. არადა, ავარიამდე პელოტონს სებასტიან ფეტელი დამაჯერებლად ლიდერობდა და რომ არა ეს გაუთვალისწინებელი პაუზა, გამარჯვების რეალური შანსიც ჰქონდა.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველ მოსახვევში „მერსედესის“ ორივე პილოტს შეასწრო. ჰამილტონმა სტარტი ჩააგდო და მეორე მოსახვევის შემდეგ, მას ფეტელის და როსბერგის გარდა, კიმი რაიკონენმა, მაქს ფერსტაპენმა და ფელიპე მასამაც გაასწრეს. როსბერგს კი რაიკონენმაც გაუარა - კვალიფიკაციაში „მერსედესთან“ პირწმინდად დამარცხების შემდეგ, „ფერარი“ უკეთესს ვერც ინატრებდა.

აქედან მოყოლებული, ტრასაზე ძირიტადად პოზიციური ბრძლა გაგრძელდა. როსბერგმა თავისი პირველი პიტსტოპი ფეტელზე ერთი წრით ადრე შეასრულა, რამაც შემდეგ წრეზე იმდენად დიდი დრო მოაგებინა, რომ როცა ბოქსები ფეტელმაც მოიარა, ის კინაღამ მეტოქის უკან აღმოჩნდა. თუმცა ფეტელმა შეძლო პოზიციის დაცვა. ორი წრის შემდგ, ბოქსებში ვიზიტი რაიკონენმა და ჰამილტონმაც შეასრულეს და ლიდერობა ისევ ფეტელის ხელში გადავიდა. კიდევ ორი წრის შემდეგ კი ალონსოს და გუტიერესის ავარია მოხდა...

გავიდა ხუთი წრე და რაიკონენს არ გაუმართლა - მის ბოლიდზე ძრავი გამოვიდა მწყობრიდან. 12 წრის შემდეგ, ფეტელსაც არ გაუმართლა. მეორე პიტ სტოპზე მარცხენა წინა საბურავის გამოცვლა გაუჭიანურეს, რამაც შესაძლოა, მეორე ადგილი დააკარგვინა. მალე ჰამილტონმა რიკიარდოს გაასწრო, რომელმაც იქვე ბოქსში შეუხვია ბორბლების შესაცვლლად. ამგვარად, ფეტელმა მესამეზე გადაინაცვლა და ჰამილტონის მიერ დაშვებული შეცდომის წყალობით, მალე მის უკანაც აღმოჩნდა. მაგრამ შემდეგ თავადაც შეცდა და მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსიც მაშინ დაკარგა.

შესანიშნავად იასპარეზა ფ1-ის დებიუტანტი „ჰაასის“ ფრანგმა, რომენ გროჟანმა, რომელმაც ფინიშის ხაზი მეექვსემ გადაკვეთა. როგორც ნარბოლევს გროჟანმა თავისიანებს რადიოთი უთხრა, ეს მართლა გამარჯვების ტოლფასი შედეგია...

ავსტრალიის დიდი პრიზი

მელბურნი, ალბერტ პარკი, დისტანცია 307.574 კმ (5.303 კმ, 58 წრე)

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:48:15.565
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +00:08.060
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:09.643
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:24.330
  5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:58.979
  6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 01:12.081
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:14.199
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:15.153
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:15.680
  10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 01:16.833
  11. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 01:23.399
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 01:25.606
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:31.699
  14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  16. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
  17. გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 19 წრე
  18. გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 36 წრე
  19. გ. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 40 წრე
  20. გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 41 წრე
  21. გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 41 წრე
  22. გ. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 57 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო - 1:28.997, 49-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 25 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 18; 3. სებასტიან ფეტელი - 15; 4. დანიელ რიკარდო - 12; 5. ფელიპე მასა - 10; 6. რომენ გროჟანი - 8; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 8. ვალტერი ბოტასი - 4; 9. კარლოს საინსი - 2; 10. მაქს ფერსტაპენი - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 43 ქულა; 2. ფერარი - 15; 3. უილიამს-მერსედესი - 14; 4. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 12; 5. ჰაას-ფერარი - 8; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 6; 7. ტორო როსო-ფერარი -

0.095676