საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე თავის კლუბ “ფეირენსეში” 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 25 წლის მეკარესთვის გასული სეზონი მართლაც გამორჩეული გახლდათ და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა.
გასულ წელს 34 თამაში ჩაატარა და საკუთარ კარში 35 ბურთი გაუშვა, ხოლო 4 ნომებრიდან 6 დეკემბრამდე 5 თამაშიანი მშრალი სერია ჰქონდა.
ამასთან, მიუხედავად პოზიციისა, მას არც მეტოქეთა კარის დალაშქვრა დავიწყებია. კერძოდ, 25 ნოემბერს, “ფეირენსემ” “გიმარაეშის” სარეზერვო გუნდს სეგუნდა ლიგაში მისი გოლით მოუგო, რომელიც მაკარიძემ პენალტით გაიტანა.
ოდნავ მოგვიანებით კი პორტუგალიის თასზე მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი ბურთი შეაგდო.
ქართველი კიპერი “ფეირენსეში” 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს, ეს გუნდი კი ამჟამად პორტუგალიის პრიმეირაში გადასვლის რეალური კანდიდატია, რადგან სეგუნდა ლიგაში 36 ტურის შემდეგ 62 ქულა აქვს და ლიდერ “პორტუს” მეორე გუნდს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. თანაც, “დრაკონებს” სარეზერვო კლუბს უმაღლესში გადასვლა მაინც არ შეუძლია.
მაკარიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, ყაზახეთთან მატჩისთვის ნაკრებში არ გამოუძახია, რადგან გიორგი ტრავმირებულია.