14-15 მარტს, ვალენსიას რიკარდო ტორმოს ავტოდრომზე, TCR-ის საერთაშორისო სერიის წინასასეზონო ტესტები გაიმართა. ტრასაზე სერიის მონაწილე ყველა გუნდის პილოტები გამოვიდნენ და მათ შორის იყო ქართველი დათა ქაჯაიაც, რომელიც ETCC-ს სერიაში ტრიუმფის შემდეგ, მისთვის ახალ გამოწვევასაც ფრანც ენგსტლერის გუნდთან ერთად იწყებს.
ტესტები ორი დღე გაგრძელდა და გარდა იმისა, რომ ქაჯაიამ ახალ მანქანას სწრაფად აუღო ალღო, მისით ძალიან კმაყოფილიც დარჩა. ორი დღის განმავლობაში, მას ტრასაზე გასვლამ ოთხჯერ მოუწია და თითო გასვლაზე, 40 წუთი ივარჯიშა. ტესტები ჰქონდა გრძელ მანძილზე, ასევე დროზე. მართალია, ტესტებში ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი მონაწილეობდა, მაგრამ ისინი თავიანთ დროებს არ აქვეყნებდნენ. ამ ეტაპზე ეს მთავარი არცაა.
სავარაუდოდ, ჩემპიონატი ძალიან დაძაბული იქნება, რადგან იმოქმედებს ბალასტების სისტემა, რომელიც მანქანების შესაძლებლობებს გაათანაბრებს. ამისათვის, ვალენსიაშივე სპეცალური სესია ჩატარდა, რომლის მიზანიც სწორედ სარბოლო ავტომობილების შედარებითი ტესტები იყო. მასში მხოლოდ ერთი მრბოლი - „ფერარის“ ფ1-ის გუნდის ყოფილი საპრიზო და სატესტო პილოტი ნიკოლა ლარინი (ფერარის ბოლიდით, სან მარინოს 1994 წლის საბედისწერო დიდ პრიზზე მეორე ადგილი აქვს დაკავებული) მონაწილეობდა.
ცნობისათვის, TCR-ის საერთაშორისო ჩემპიონატში გუნდები „ფოლკსვაგენის“, „ფორდის“, „ოპელის“, „სეატის“, „ჰონდას“, „სუბარუს“ და „ალფა რომეოს“ ავტომობილებით მონაწილეობენ. გასული სეზონის მსგავსად, ამჯერადაც კალენდარში 11 ეტაპი შედის. თითოეულ ეტაპზე ორ-ორი რბოლა ჩატარდება. TCR-ის სერიაში დიდ კონკურენციაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ გასულ სეზონში რბოლები ათმა პილოტმა მოიგო. სულ კი ჩემპიონტში 22 ქვეყნის 68 პილოტი მონაწილეობდა.
„ენგსტლერ მოტორსპორტმა“ TCR-ის გასულ სეზონშიც „ფოლკსვაგენ გოლფით“ იასპარეზა, თუმცა გერმანულმა კომპანიამ ახალი სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთესი მანქანა მოამზადა. ეს არის „გოლფ GTI TCR“, რომელიც „გოლფ GTI ქლაბსპორტის“ ბაზაზე დამზადდა. სარბოლო ავტომობილი ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 330 ცხენის ძალას (6200 ბრ/წთ-ზე) და 410 ნიუტონმეტრს (2500 ბრ/წთ-ზე) იძლევა.
მამოძრავებელი ძალა წინა ბორბლებს 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფის გავლით მიეწოდება. ეს კოლოფი სპეციალურად, სარბოლო ავტომობილისთვის არის შემუშავებული. მას ძრავთან მრავალ დისკოიანი გადაბმულობის ქურო აკავშირებს. გარდა ამისა, დიფერენციალიც მრავალ დისკოიანია, რათა წამყვანი ბორბლებისთვის, ძრავის მიერ გამომუშავებული რესურსის ეფექტური მიწოდება უზრუნველყოს.
ამ აღჭურვილობით, „გოლფ GTI TCR-ს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, 5.2 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 230 კილომეტრს აღწევს. პილოტთან ერთად, ავტომობილის მინიმალური წონა 1280 კილოგრამია, რაც FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ნორმებს შეესაბამება.
რაც შეეხება კალენდარს, მასში ევროპისა და აზიის ეტაპები შევიდა. მათგან სამი - ბაჰრეინის, სინგაპურის და მალაიზიისა, ფორმულა 1-ის მხარდამჭერი რბოლა იქნება.
TCR-ს-ის საერთაშორისო სერიის 2016 წლის კალენდარი
2-3 აპრილი - სახირი (ბაჰრეინი)
24 აპრილი - ეშტორილი (პორტუგალია)
6-7 მაისი - სპა (ბელგია)
21 მაისი - მონცა (იტალია)
5 ივნისი - ზალცბურგრინგი (ავსტრია)
19 ივნისი - ოშერსლებენი (გერმანია)
3 ივლისი - სოჭი (რუსეთი)
28 აგვისტო - ბურირამი (ტაილანდი)
17-18 სექტემბერი - სინგაპური (სინგაპური)
1-2 ოქტომბერი - სეპანგი (მალაიზია)
20 ნოემბერი - მაკაუ (მაკაუ)







