მსოფლიო ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ფორმულა 1-ის ახალი სეზონი პოულის მოპოვებით დაიწყო. „მერსედესის“ ბრიტანელ პილოტს, რეალური მეტოქეობა ვერავინ, მათ შორის, თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმაც ვერ გაუწია. გერმანელმა ბოლოს ჩამორჩენა 0.36 წამამდე შეამცირა, მაგრამ ეს მაინც მეტისმეტად ბევრია. ჰამილტონი პელოტონში ერთადერთი პილოტია, ვინც მელბურნის ალბერტ პარკის წრე წუთსა და 24 წამზე ნაკლებში გაიარა.
პოულის მფლობელთან 0.8 წამზე მეტი წააგო „ფერარის“ სებასტიან ფეტელმა. არადა, ბევრი ფიქრობდა, რომ იტალიური გუნდის მიერ მომზადებული ახალი ბოლიდი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, „ვერცხლისფერ ისრებთან“ პაექრობისთვის საშუალებას მისცემდა. რა თქმა უნდა, პირველი კვალიფიკაციით ძნელი სათქმელია, ასეა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩამორჩენა მეტისმეტად დიდია. მოკლედ, ჰამილტონმა როგორც იქნა, შეძლო თავის ფ1-ის კარიერაში 50-ე პოულ პოზიციის მოპოვება.
უნდა ითქვას ისიც, რომ კვალიფიკაციის ახალმა ფორმატმა, რბოლის დასრულებისთანავე კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკოსთა შორის არიან „მერსედესი“ და „რედ ბული“. ახალი ფორმატის მიზანი ის იყო, რომ საკვალიფიკაციო რბოლები უფრო საინტერესო და დაძაბული ყოფილიყო. მაგრამ პირიქით კი მოხდა. რბოლა ისე დასრულდა, რომ ტრასაზე ერთი ავტომობილიც აღარ იყო დარჩენილი. არადა, ძველი ფორმატით, პოულის მფლობელი თითქმის ყოველთვის ბოლო წამებზე ირკვეოდა.
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ აუცილებელია, ცვლილება უკვე ბაჰრეინამდე განხორციელდეს. უფრო მეტიც, ის თვლის, რომ კარგი იქნება, თუ ფ1 ძველ საკვალიფიკაციო ფორმატს დაუბრუნდება.
ავსტრალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:23.837
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:24.197
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:24.675
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:25.033
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:25.434
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:25.458
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:25.582
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:25.589
- -- - - - - - - -
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:25.753
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:25.865
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:25.961
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:26.125
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.304
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:27.601
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:27.742
- - - - - - - - - -
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:27.435
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:27.958
- დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:28.006
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:28.322
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:29.606
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:29.627
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:29.642







