სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
რაგბი

12:11 | 19.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთი - ყველაზე პრინციპული მეტოქე

დღეს, "დინამო არენაზე", საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის სეზონის დამაგვირგვინებელ, ყველაზე პრინციპულ მატჩში რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში მეოცედ დაუპირისპირდება. ყველა მეტოქის ძლევის შემთხვევაში, სეზონის გამარჯვებულს ,,დიდი სლემი’’ ერგება, ,,მუხათა’’ და ,,ბორჯღალოსნების’’ რკენაში კი წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი გათამაშდება, რომელიც 2002 წლიდან იღებს სათავეს.

განვლილი 19 მატჩიდან, 10-ში გამარჯვება მოვიპოვეთ, 1 ფრედ დავასრულეთ,ხოლო 8-ში დავმარცხდით.

Worldrugby.ge არც ამჯერად ღალატობს ტრადიციას და აგრძელებს რუბრიკას. ფინალური შეხვედრის წინ მკითხველს განვლილი თამაშებისათვის თვალის გადავლებას სთავაზობს:

ერთმორწმუნე რუმინეთს საკლუბო დონეზე 1973-1989 წლებში შევხვედრივართ, რის შემდეგაც იწყება პერიოდი, როდესაც საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდა და საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. კარპატელებმა რამდეჯერმე თავი აგვარიდეს და სანაკრებო ,,შავი ზღვის თასი’’ ჩაშალეს, მაგრამ 1998 წელს, დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში ერთმანეთს მაინც შევხვდით და დაძაბულ ბრძოლაში 27:23 რუმინელებმა იმარჯვეს.

2000 წლიდან ,,ერთა თასი’’ იმართება და პირველსავე ჩამოსვლაზე, ტურნირის დაკსვნით მატჩში თბილისის ეროვნულ სტადიონზე, ,,მუხებმა’’ 3 ქულის სხვაობით, 23:20 დაგვამარცხეს. ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული თასის პირველი მფლობელი გახდა. რუმინელთა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და თასი ბუქარესტს გაემგზავრა.

რევანში მომდევნო წელსვე, გასვლაზე ავიღეთ, როდესაც ,,ბორჯღალოსნებმა’’ ლევან ცაბაძის კაპიტნობით დაამარცხეს რუმინეთი 31:20 და პირველად გახდნენ ევროპის ერთა თასის მფლობელნი. ამ დაპირისპირებაში „ლეონსიომ“ კისრის მალების ტავმა მიიღო, ექიმების რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, მოედანზე დაბრუნდა და დამაჯერებელი გამარჯვების ლელო დადო.

2002 წლის ტურნირს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო დატვირთვაც ჰქონდა და ზემოთხსენებული ორივე ნაკრები ცდილობდა თავისთვის სასურველი მეტოქე და კალენდარი დაებევებინათ. ტრადიციულ ბრძოლაში, სამწუხაროდ, რუმინელებმა ,,ეროვნულზე’’ იმარჯვეს 31:23 და თასი დაიბრუნეს, ჩვენ კი მეორე ადგილს დავჯერდით. ამ მატჩში პირველად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც ქართული რაგბის მეოხთა ლიგამ დააწესა რუმინეთ-საქართველოს საცილოდ. პირველ რკენაში თასი ,,მუხებმა’’ აღმართეს.

ორ-წლიან ციკლში, 2003-2004 წლები არცთუ ისე წარმატებული იყო ჩვენთვის. პირველ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს თბილისის ეროვნულ სტადიონზე ვუმასპინძლეთ და ეს დაძაბული ბრძოლა 6:19 დავთმეთ. მომდევნო რკენაშიც ,,ემილ ალექსანდრესკუს’’ სტადიონზე ფიასკო განვიცადეთ, ანგარიშით 18:25.

1 წლის თავზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა თასის მატჩში რუმინეთს უმასპინძლა და 20:13 მოუგო, რის შემდეგაც ,,ანთიმოზ ივერიელის თასიც’’ დაიბევა.

2006 წელს ცენტრალური მატჩი ამჯერადაც ქართველთა და რუმინელთა დაპირისპირება აღმოჩნდა. ბუქარესტში მასპინძლებმა 35:10 მოიგეს და თასი კვლავ დაიუბრუნეს. ქართველებმა მეორე ადგილთან ერთად მსოფლიო თასის შესარჩევი თამაშების კარგი განრიგი მიიღეს, რაც შემდგომში გამოიყენეს კიდეც.

ამავე წელს, მსოფლიო თასის შესარჩევში 20:8 დავმარცხდით და სამეზობლო ჯახში მეტოქე 7-2 დაწინაურდა, მაგრამ 2007 წელს, მეორე წრეში რუმინელები ძალიან სუსტად გამოვიდნენ. „მუხებმა’’ უარი თქვეს ლეგიონერებზე და ახალი გუნდის შენებას შეუდგნენ. ახალი მწვრთნელით შეხვდა მეორე წრეს საქართველოს ნაკრებიც. ავსტრალიელი თიმ ლეინი ხელხვავიანი გამოდგა, ,,ბორჯღალოსნებმა’’ 20:17 დაამარცხეს მეტოქე, მეორედ გახდნენ ევროპის ერთა თასის მფლობელნი და ანთიმოზ ივერიელის თასიც თბილისში ჩამოიტანეს.

ერთგვარი ტრადიცია არც 2008 წელს დავარღვიეთ, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით - 22:7 ვიმძლავრეთ და ამ ისტორიული გამარჯვებით ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი საქართველოში 2009 წლამდე დარჩა.

ამ წელს, ,,ევროპის ერთა თასის’’ მატჩში თბილისში რუმინეთის ნაკრები 28:23 დავამარცხეთ და ისევ გავლიდერდით. „ბორჯღალოსნებმა’’ 3 ლელო დადეს, 2-ჯერ თავი ირაკლი მაჩხანელმა გამოიჩინა, ხოლო 1 ლელო კი გარემარბმა მალხაზ ურჯუკაშვილმა გაიტანა. ნაკრების დამრტყმელებმა - მერაბ კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ გუნდს დანარჩენი ქულები შესძინეს. ირაკლი აბუსერიძის კაპიტნობით, ქართველმა მორაგბეებმა ისევ მოახერხეს ,,ანთიმოზ ივერიელის თასის’’ მოპოვება.

,,ბორჯღალოსნები’’ 2010 წლის 13 მარტს ,,ევროპის ერთა თასის’’ მორიგ მატჩში სტუმრად,რუმინეთთან 10:22 დამარცხდნენ. მასპინძლები ბევრად უფრო მოტივირებულნი იყვნენ, რაც მოედანზეც კარგად გამოჩნდა, მატჩის მე-5 წუთზევე დაწინაურდნენ ლელოთი და გარდასახვით, თუმცა ქართველებმა ანგარიშის გათანაბრება სწრაფად შეძლეს. ლაბაძის მოგებულ აუტს მოლით შეტევა მოჰყვა, რაქიდან კი გიორგი ნემსაძემ საპასუხო ლელო დადო და მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვით წონასწორობა აღვადგინეთ. პირველი ტაიმი 2 ჯარიმის უპირატესობით 13:7 რუმინელებმა მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარში თავი დუმბრავამ გამოიჩინა, რომლის 2 საჯარიმო და 1 არეკნი საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენთვის.

ამ მარცხის შემდგომ, 2011 წლის გათამაშების მე-4 ტურში „მიხეილ მესხის“ სტადიონზე დავხვდით მეტოქეს და ამჯერად 18:11 დავჯაბნეთ. რიჩი დიქსონის გუნდმა 2 ლელო მატჩის დასაწყისშივე დადო. ლელოები დავით ზირაქაშვილმა და ბესიკ ხამაშურიძემ გაიტანეს, კვირიკაშვილმა დარტყმები შეასრულა და ნაკრებმა ,,ანთიმოზ ივერიელის თასი’’ დაიბრუნა. თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებს ამ რკენაში მამუკა გორგოძეც დაუბრუნდა და გუნდის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის განაღდებისთვის დიდი წვლილი შეიტანა. ასე დაიწყო 6-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 5 მოგებას და ერთ ფრეს მოიცავს.

ამავე წელს, ეს გუნდები ერთმანეთს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ. ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის ნაკრები პამერსთონ-ნორსში (ახალი ზელანდია) აქამდე სარეკორდო სხვაობით, 25:9 დაამარცხეს. შეხვედრის ორივე ნახვარი ,,ბორჯღალოსნების’’ უპირატესობით მიმდინარეობდა, მატჩის კულმინაცია 57-ე წუთზე დადგა, როდესაც მრავალფაზიანი შეტევა მამუკა გორგოძემ მატჩის ერთადერთი ლელოთი დააგვირგვინა, რაც მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად გარდასახა. ქართველებმა მეტოქეს ჯამში 6 ჯარიმა გაუტანეს - 5 კვირიკაშვილის, ხოლო ერთი მალხაზ ურჯუკაშვილის ანგარიშზეა. რუმინეთმა საპასუხოდ მხოლოდ 3 ჯარიმა გაიტანა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

2012 წელს ერთა თასის მორიგი გათამაშების შეხვედრა სტუმრად, ბუქარესტში გავმართეთ და მეტოქე 6-ქულიანი სხვაობით,19:13 დავამარცხეთ. პირველ ტაიმში ,,მუხების’’ უპირატესობა თვალსაჩინო იყო, თუმცა მეორე ტაიმში ,,ბორჯღალოსნებმა’’ უფრო აქტიური თამაში აჩვენეს და ერთი ლელო გაიტანეს - ის დავით კაჭარავას ანგარიშზეა. ასევე,საქართველოს ნაკრებმა მოახერხა გარდასახვის ზუსტად შესრულება და ორი ჯარიმის გატანა,რის შემდეგადაც ანგარიში 19:13, ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნეთ.

განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა შეხვედრის ბოლო 15 წუთი, მსაჯმა ვიქტორ კოლელიშვილი წითელი ბარათით გააძევა და 14 კაცით მოგვიწია მეტოქის მძლავრი შეტევების მოგერიება. მატჩის დასკვნითი 5 წუთი საქართველოს ჩათვლის მოედნის ხაზთან მიმდინარეობდა და რუმინელებს საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდათ, რომ ანგარიში თავიანთ სასარგებლოდ შემოებრუნებინათ, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მიითვალეს.

2013 წელს ქართულ-რუმინულ ისტორიაში ერთადერთი ფრე დაფიქსირდა - 9:9, თუმცა ეს შედეგი ქართველებს აძლევდა ხელს და თასები თბილისში ჩამოვიტანეთ. ულელოო თამაშში გუნდებმა ქულები კარში დარტყმებით აგროვეს.

2014 წელს, ,,მიხეილ მესხის’’ პირთამდე სავსე სტადიონზე საქართველოსა და რუმინეთის გზები მეთვრამეტედ გადაიკვეთა. ქართველებმა მიზანს მიაღწიეს, 22:9 იმარჯვეს და ,,მუხებთან’’ ურთიერთშეხვედრებში 9:8 დაწინაურდნენ. ამ გამარჯვებით მეშვიდედ მოვიპოვეთ ანთიმოზ ივერიელის თასი და ერთა თასის ჩემპიონის ტიტულიც შევინარჩუნეთ. გარდა ამისა, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავედით მსოფლიო თასზე და სასურველ C ჯგუფში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან თამაშის უფლება მოვიპოვეთ, იმავე წლის ნოემბერში კი, ,,ავივაზე’’ ექვსი ერის გამარჯვებულ ირლანდიასთან თამაშის უფლება დავისაკუთრეთ.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, რუმინელებმა დასაწყისშივე უპირატესობა მოიპოვეს, 3 ჯარიმა გაიტანეს და სტუმრები 9:3 დაწინაურდნენ, თუმცა ეს დროებითი აღმოჩნდა. 20 წუთის შემდეგ თამაში ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალდა და 23-ე წუთზე ჩამორჩენა მერაბ კვირიკაშვილმა შეამცირა, რასაც დავით ზირაქაშვილის ლელო მოყვა. წარმატებული გარდასახვის შემდგომ, ,,მეკომ’’ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და პირველი ტაიმი 7- ქულიანი უპირატესობით დაასრულა. მეორე ნახევარში რუმინელებს ქულის აღება არ დასცალდათ, ,,ბორჯღალოსნებმა’’ კი ორი ჯარიმა გაიტანეს და საფინალო სასტვენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 22:9.

2015 წელს, რუმინეთის ნაკრები სტუმრად 15:6 დავჯაბნეთ და ,,ევროპის ჩემპიონის’’ ტიტულთან ერთად, ,,ანთიმოზ ივერიელის თასიც’’ შევინარჩუნეთ. ამ გამარჯვებით ,,ბორჯღალოსნებმა’’ მსოფლიო რეიტინგში იტალია ჩამოიტოვეს.

რაც შეეხება მატჩს, ქართველებმა ლელო ვერ გაიტანეს, მაგრამ მოიგეს დამაჯერებლად, მღელვარების გარეშე. გამოვასწორეთ ბოლო შეხვედრების უმთავრესი ხარვეზი - დერაფანში თამაში. ბუქარესტში ,,ბორჯღალოსნები’’ ერთადერთხელ შეცდნენ აუტის მოწოდებისას, მეტოქის დერეფანში კი შვიდჯერ იმარჯვეს. ჩინებულად ითამაშა დაცვამ და შერკინებამაც, მერაბ კვირიკაშვილმა კი, გასული მატჩების მსგავსად, ამჯერადაც ყველა საჯარიმო წარმატებით გაიტანა.

ბოლო წლებია, რაც ქართულ-რუმინულ რკენაში მეტოქე გვარიანად მოვარყიეთ და ეს სტატისტიკაზეც აისახა. 2010 წლის შემდეგ აღარ წაგვიგია და საქართველოს ნაკრები ,,მუხებისთვის’’, ფაქტობრივად, აუღებელ ციხე-სიმაგრედ იქცა.

2016 წლის ,,რაგბი ევროპის’’ ჩემპიონატის განვლილ მატჩებში, რუმინეთმა პორტუგალია 39:14, ესპანეთი 21:18, რუსეთი 30:0 და გერმანია 61:7 დაამარცხა. ,,ბორჯღალოსნებმა’’ გერმანიასთან 59:7, პორტუგალიასთან 29:3, ესპანეთთან 38:7 და რუსეთთან 24:7 მოიგეს. ამ თამაშებში ქართველებმა ჯამში გაიტანეს 20 ლელო და მიიღეს 3, ხოლო რუმინელების ანგარიშზე 19 გატანილი და 5 გაშვებული ლელოა.

დამაგვირგვინებელ, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, ,,ბორჯღალოსნები’’ უძლიერესი შემადგელობით დახვდებიან მეტოქეს. 19 მარტს გასამართი მატჩისათვის გამოძახებულნი არიან მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის თამაში დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება და არაოფიციალურ ფინალში 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება.

ელენე ლომსაძე

www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116071