“საერთოდ, სანდრინიო მხიარული ადამიანია, მაგრამ იმ დღეებში არ იცინოდა, თავის თავს ადანაშაულებდა. ამბობდა, დაწყევლილი ვარ, გადამწყვეტ მომენტებში გუნდს ვერასდროს ვეხმარებიო. ჩვენ მის გამხიარულებას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა. გარდა ერთი შემთხვევისა, როცა მე და დე როსის ზედმეტი მოგვივიდა და კინაღამ გვცემა”, - ანდრეა პირლო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის დღეებს იხსენებს, როდესაც “სკუადრა აძურას” წამყვანი მცველი ალესანდრო ნესტა ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის დროს დაუშავდა.
ძნელია, ნესტას სიტყვებს არ დავეთანხმოთ: მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ ითამაშა (1998, 2002 და 2006 წლებში) და ბედის ირონიით, სამჯერვე ჯგუფური ტურნირის მატჩებში მძიმე ტრავმები მიიღო, რის გამოც მერე გუნდს ვეღარ დაეხმარა. არადა, სანდრო იმ დროინდელი იტალიის ნაკრების დაცვის ხაზის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. თუმცა, ალბათ, ასეთი ბედი ეწერა.
ალესანდრო ჯერ კიდევ 9 წლის გახლდათ, როდესაც რომის “ლაციოს” ბავშვთა აკადემიას მიაკითხა და ფეხბურთის ანაბანაც იქ აითვისა. 1993 წელს კი, “ლაციალეს” მაშინდელმა თავკაცმა დინო ძოფმა ვუნდერკინდი ბიჭი მთავარ გუნდში აიყვანა და მერე არც მის დებიუტს დაუგვინია. 1994 წლის 13 მარტს, 17 წლის ნესტა “უდინეზესთან” მატჩის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე გამოჩნდა მოედანზე. მიუხედავად ასაკისა, ნესტას ნიჭიერება არ დაიფარა და რომაული გუნდის სასტარტოში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. სულ სამი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ “არწივების” კაპიტანი გამხდარიყო, 1997 წლიდან იგი “ლაციოს” კაპიტნობდა. სანდროს თავისი ქალაქიც უყვარდა, თუმცა კლუბი განსაკუთრებულად: გასული წლის ოქტომბერში, იტალიურ მედიასთან საუბრისას თქვა, თუ “რომა” წელს სკუდეტოს მოიგებს რომში აღარ დავბრუნდებიო... დიახ, ალესანდრო “ლაციოზე” გიჟდებოდა, სულით “ლაციალე” გახლდათ, თუმცა თავის სიყვარულთან განშორება 2002 წლის ზაფხულში მაინც მოუწია.
როგორც მოგვიანებით მანვე განმარტა ეს არ ყოფილა მისი ინიციატივა: “ლაციოს” იმ დროს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ჩემი “მილანში” გაშვებაც ამიტომ მოხდა. გუნდმა ჩემი გაყიდვით დიდძალი თანხა მიიღო. სხვა შემთხვევაში, “ლაციოს” არ დავტოვებდი”, - თქვა ნესტამ. მართლაც, იმ პერიოდში დედაქალაქურ გუნდს მწვავე ფინანსური კრიზისი შეექმნა და ლამის გაკოტრდა. ნესტა კი “მილანს” 30 მილიონის სანაცვლოდ დაუთმო. კაპიტანი ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც იმ ზაფხულს “არწივებმა” სარფიანად გაასხვისეს.
საერთოდ, მე-20 საუკუნის მიწურულს “ლაციოს” ოქროს ხანა ედგა – გუნდმა თასების მფლობელთა თასი მოიგო, როდესაც ესპანურ “მალიორკას” (2:1) ფინალში აჯობა, მერე ევროპის სუპერთასზე ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედიც” დაჩაგრა, ხოლო ყველაფერი 2000 წელს მოგებული სკუდეტოთი დაგვირგვინდა, ამჯერად დამარცხებული ტურინის “იუვენტუსი” გამოვიდა. ამ ყველაფერში კი ნესტას როლი შეუფასებელი გახლდათ. რომ არა ის, ვინ იცის, სვენ გორან ერიქსონის იმდროინდელი “ლაციო” რა სიმაღლეებს შესწვდებოდა...
ზემოთ 2002 წელი ვახსენეთ და, სანდროსთვის “მილანში” ახალი ერა დაიწყო. “როსონერისთან” ერთად ნესტამ თითქმის ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო, თითქმის კი არადა, ყველა. გარდა უეფას თასისა. მარტივი მიზეზის გამო: “მილანი” ამ ტურნირზე არ თამაშობდა... სანუკვარ ჩემპიონთა ლიგის თასს ელეგანტური იტალიელი პირველივე მილანურ ცდაზე დაეუფლა და “ლაციოს” გამარჯვებებისა არ იყოს, წვლილი ამაშიც განუზომლად შეიტანა. თუნდაც იმის გახსენება რად ღირს, რომ გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტში ფინალურ თამაშში “იუვენტუსს” თერთმეტრიანი გაუტანა. ნესტამ ლიგა მეორედ 2007 წელს მოიგო, შუალედში კი, სტამბოლის კოშმარული საღამო იყო 2005 წელს...
მისთვის სანაკრებო კარიერაც მდიდარი გამოდგა – დებიუტი ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში ჰქონდა 1996 წელს, როცა არიგო საკიმ ინგლისში ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა, მაგრამ “სკუადრა აძურას” ნისლიან ალბიონზე სირცხვილი ელოდა: იტალია ჯგუფში ჩარჩა. საერთოდ, ევრო ფორუმზე ნესტამ სამჯერ ითამაშა და აქედან ორ შემთხვევაში აპენინელებმა ჯგუფიდან ვერ გააღწიეს. სამაგიეროდ, 2000 წელს, ბელგია-ჰოლანდიაში გამარჯვებამდე 10 წამი დააკლდათ: იტალია როტერდამში საფრანგეთს უგებდა და თამაშის დასრულებამდე არც არაფერი რჩებოდა, როდესაც ფაბიო კანავაროს ხელი სიმაღლემ შეუშალა, ბურთი გადააფრინდა და სილვენ ვილტორმა იტალიელთა კარისკენ გაიწია. “აძურას” მე-13 ნომერი ფრანგი შემტევის დარტყმის დაბლოკვას შეეცადა, მაგრამ ბურთი ფეხებშუა გაუძვრა, მერე ვეღარც ფრანჩესკო ტოლდომ ივაჟკაცა და იტალიას ოქროს მედლები ვერცხლად ექცა.. საერთოდ, იმ ტურნირზე ნესტა დიდებულად გამოიყურებოდა და ჯერ კიდევ 24 წლის მცველი ევრო 2000-ის სიმბოლურ ნაკრებში დამსახურებულად მოხვდა. მისივე დამსახურება იყო, რომ ხსენებულ ფინალურ მატჩში იმხანად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ზინედინ ზიდანს არაფერი გამოუვიდა, ნესტამ მას ჰაერი წაართვა...
მსოფლიო პირველობებზე უკვე მოგახსენეთ: 1998-ში ავსტრიასთან ფეხი მოიტეხა, 2002-ში ხორვატიასთან დაშავდა, ხოლო 2006-ში ჩეხებთან კუნთი გაუწყდა... როგორც გერმანული მუნდიალისას ექიმები ვარაუდობდნენ, ნესტას გუნდის დახმარება ნახევარფინალიდან შეეძლობოდა, იტალია აღნიშნულ ეტაპამდე მივიდა, მაგრამ მცველმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხში ისევ ტკივილი იგრძნო, რაც იმის მაუწყებელი გახლდათ, რომ ტრავმამ ისევ ხელი შეუშალა... თუმცა, ნესტამ თავი იმით ინუგეშა, რომ მისმა თანაგუნდელებმა მას დიდებული საჩუქარი გაუკეთეს და ის მუნდიალი მოიგეს... მაშინ სანდრო სულ რაღაც, 30 წლის გახლდათ, თუმცა მასე მერე “ლურჯი” მაისური ერთადერთხელ მოირგო: 12 ოქტომბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” იტალიას ნესტა წარუძღვა, მაგრამ ეს ნაკრებში ლეგენდარული მცველის გედის სიმღერა იყო... იგი არავის მოუძულებია, პირიქით, სიამოვნებით იხილავდნენ “სკუადრა აძურას” მწვრთნელები ისევ ნაკრებში, მაგრამ მეტი ნესტამ აღარ ისურვა... ვფიქრობ, ძალიან იჩქარა... ეროვნულ ნაკრებს რომაელი ბიჭი 78-ჯერ დაეხმარა...
მას მერე “მილანში” მაღალ დონეზე კიდევ 6 სეზონი იბურთავა და 2012 წელს სამშობლო დატოვა... წავიდა შორს, “მონრეალში”, მერე ინდოეთში ცოტა ხნით და ბოლოს წერტილი დასვა. ახლა სანდრო სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებეული და ამერიკულ “მაიამის” უდგას სათავეში, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ნესტას მეგობარი, კიდევ ერთი გენიალური იტალიელი პაოლო მალდინია...
რაღა თქმა უნდა, მის კარიერას პირადი ჯილდოების გარეშე არ ჩაუვლია და ისე როგორ იქნებოდა. ნესტა ხომ თავისი პერიოდის გამორჩეული სტოპერი გახლდათ. იგი აღიარებას არც სამშობლოში და არც მის გარეთ უჩიოდა... ბევრისთვის, დღემდე ყველაზე გამორჩეული მცველი იყო, დახვეწილი, ელეგანტური... ისეთი, რომელთა ყურება გულშემატკივარს თავდამსხმელებზე ნაკლებად არ სიამოვნებთ... ნესტა მარტო მცველი არ იყო, შემოქმედი გახლდათ.
ჰო, დღეს, ამ გენიალური ფეხბუთელის დაბადების დღეა; ალესანდრო 40 წლის წინ, მზიან რომში დაიბადა...
ვარდნების მეფე იუბილარია (VIDEO)