რაგბი

20:30 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნები": "ვანახოთ მსოფლიოს, რომ სარაგბო ზეიმის მოწყობა შეგვიძლია“

საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების პრინციპული შეხვედრის წინ გუნდებმა კაპიტნის ვარჯიშები და წინასამატჩო პრესკონფერენციები გაიმართეს.

„ბორჯღალოსანთა“ თავკაცმა მილტონ ჰეიგმა მეტოქე გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე „მუხის ფოთლები“ ყველაზე კონკურენტული მეტოქეები არიან.

„ახალი არაფერი იქნება იმაში თუ ვიტყვი, რომ რუმინეთთან მატჩი ჩვენთვის ამ ჩემპიონატზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ტრადიციულად, ქართველებისთვის რუმინეთის ნაკრები რთული მეტოქეა. ჩვენი ბიჭები მოტივირებულნი არიან, ამაში დიდ როლს ითამაშებს ის გარემო, რაც „დინამო არენაზე“ იქნება შექმნილი.“

ახალზელანდიელმა სპეციალისტმა რუმინეთის ნაკრების პროგრესზეც ისაუბრა:

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც „ბორჯღალოსანთა“ მწვრთნელი ვარ, რუმინელებმა პროგრესი აშკარად განიცადეს. დღეს უკეთეს, დახვეწილ რაგბის თამაშობენ. ჩვენს მსგავსად, მათი ძლიერი მხარეც შერკინებაა, თუმცა ბოლო ხანებში მათ რიგებს საინტერესო ხაზის მოთამაშეები შეემატა“ - აღნიშნა ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ყურადღება ქომაგთა რაოდენობაზე გაამახვილა:

„მაყურებელთა დიდი რაოდენობით მოსვლა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ბიჭებისთვის, ასევე მსოფლიო სარაგბო საზოგადოებისთვის, რათა დაინახონ როგორ უყვართ რაგბი საქართველოში. მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ვანახოთ, რომ სარაგბო ზეიმის მოწყობა შეგვიძლია. ხვალ ტურნირის ორი საუკთესო გუნდი თამაშობს და ვფიქრობ, სანახაობრივ რაგბის ვიხილავთ“ - განაცხადა სუთიაშვილმა.

წინასამტჩო პრესკონფერენციზე რუმინეთის ნაკრების უელსელმა თავკაცმა ლინ ჰაუელსმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ და ქართველებს სხვადასხვა მდგომარეობა აქვთ და შესაბამისად, მათი მიზნებიც განსხვავდება:

„საქართველოს ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს, ჩვენ კი, ადგილის მოსაპოვებლად მოგვიწევს ბრძოლა. წლევანდელ ტურნირზე შევეცადე რამდენიმე პოზიციაზე სხვადასხვა მორაგბე გამომეცადა, სულ 45 მორაგბეს მოუწია თამაშში ჩართვა. ხვალ ორივე ნაკრებმა ლაღი და ლამაზი რაგბი უნდა ვითამაშოთ, რათა მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საუკეთესო გუნდები ვართ რაგბი ევროპის ჩემპიონატში. გასულ წელს სანახაობრივი მატჩი არ გამოდგა, ამიტომ არ მინდა შარშანდელი განმეროდეს“.

ჰაუელსს 6 ერის გაფართოების პერსპექტივაზე და „მსოფლიო რაგბის“ დამოკიდებულებაზეც ჰკითხეს:

„მსოფლიო რაგბი მხარში გვიდგას და ჩვენნაირ ქვეყნებს განვითარებაში ეხმარება. 6 ერის გაფართოების პრობლემას ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში ვხედავ, სწორედ ის აფერხებს ტურნირის გაფართოების პროცესს. უნდა შევეცადოთ ჩვენი თამაშით დავანახოთ, რომ მაღალ დონზე გამოსვლას ვიმსახურებთ“ - განაცხადა უელსელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი 19 მარტს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული ერთბაშად ორ თასს აღმართავს - რაგბი ევროპის ჩემპიონატის და საქართველოსა და რუმინეთის საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასს“.

უჩა გოგიძე

www.worldrugby.ge

0.322655