მიმდინარე სეზონის ევროტურნირები იტალიური გუნდებისთვის დასრულებულია. აპენინელთა ვერცერთი წარმომადგენელი ევროპის საკლუბო ტურნირების (ჩემპიონთა და ევროპა ლიგა) მეოთხედფინალში ვერ გავიდა. ასეთი ცუდი შედეგი კი იტალიურ საკლუბო ფეხბურთს 15 წელია არ ჰქონია. ბოლოს იგივე რამ 2000-2001 წლების სეზონში მოხდა.
მაშინ, ჯერ კიდევ უეფას თასის მერვედფინალიდან გამოვარდნენ “პარმა” (პსვ-სთან), “ინტერი” (“ალავესთან”) და “რომა” (“ლივერპულთან”). იმავე ტურნირზე გაცილებით ცუდად გამოვიდნენ “უდინეზე” და “ფიორენტინა” – უდინური გუნდი მეორე ეტაპიდან სალონიკის “პაოკმა” გამოაგდო, ხოლო ფლორენციელები პირველივე ტურში “ინსბრუკთან” დამარცხდნენ.
ინტერტოტოს თასზე, რომელიც კარგა ხანია აღარ არსებობს, “პერუჯა” მეორე რაუნდში დამარცხდა. რაც შეეხება ევროპის უპრესტიჟულეს საფეხბურთო ტურნირ ჩემპიონთა ლიგას, “იუვენტუსმა” პირველი ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, ხოლო “მილანი” და მაშინდელი ჩემპიონი “ლაციო” მეორე ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნენ. რომაელებმა “ლიდს იუნაიტედის”, “რეალისა” და “ანდერლეხტის” ბარიერი ვერ გადალახეს.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს; “ფიორენტინა” და “ნაპოლი” ევროპა ლიგაზე მეთექვსმეტედფინალამდე მივიდნენ, ამავე გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე წააგო “სამპდორიამ”, ყველაზე შორს კი “ლაციო” გავიდა, რომელმაც მერვედფინალი პრაღის “სპარტასთან” (1:4) დათმო.
ჩემპიონთა ლიგაზე კი “რომა” და “იუვენტუსი” მერვედფინალში გავიდნენ, მაგრამ იქ შესაბამისად, “რეალთან” (0:4) და “ბაიერნთან” (4:6) დამარცხდნენ.
არადა, შარშანდელ სეზონში იტალიურმა გუნდებმა ევროსარბიელზე გაცილებით კარგად იასპარეზეს. “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ხოლო “ნაპოლი” და “ფიორენტინა” ევროპა ლიგაზე ნახევარფინალამდე მივიდნენ.