ფეხბურთი

11:16 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “როგორც ფეხბურთელს, მწვრთნელსაც სჭირდება ფორმაში ყოფნა”
“რაც ‘საბურთალოდან” წამოვედი, ერთი ფეხბურთელიღა გაყიდეს უცხოეთში და ისიც, ჩემი ჩამოყვანილი ტაბიძე”

უკვე ვწერდით, რომ თბილისის “ლოკომოტივის” ჭაბუკთა ლიგის გუნდი 22-27 მარტს ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს მდებარე ქალაქ კოსტა-ბრავაში პრესტიჟულ ტურნირზე ითამაშებს. MICfootball – ასე ჰქვია ტურნირს. 40-გუნდი ითამაშებს 19-წლამდლელთა ასაკში და 10 ჯგუფი შედგა. კოსტა-ბრავაში “ლოკომოტივის” ის გუნდი წავა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის.

“ლოკომოტივის” ჯგუფში იქნებიან განის 19-წლამდელთა ნაკრები, კატალონიური “ფუნდ პრივადა” და იაპონური “საკუიო”. ისე კი, სხვადასხვა ჯგუფებში არიან “სევილია”, “ვილიარეალი”, “მაკაბი ჰაიფა”, “ანჟი”, “სტრასბურგი”, “ლევანტე”, “ლოს ანჯელეს სენტრალი” და ასე შემდეგ.

აქვე, ვრცელი ინტერვიუ გიორგი დევდარიანთან. მას მეტწილად არა ესპანურ ტურნირზე, არამედ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრეთ:

- ჯერ ტურნირის გარშემო. როდის მიემგზავრებით და რამდენად მნიშვნელოვანი ტურნირია თქვენთვის?

- 21 მარტს წავალთ. საერთოდ, უცხოური ტურნირები აუცილებელიც კი არის, რათა შევხედოთ, რა დონეზე ვიმყოფებით, რაში გვისწრებენ, რაში გვაქვს მეტი სამუშაო. პარალელების გავლება იოლად შეიძლება. უნდა ვთქვა, რომ ორი თვეა, რაც “ლოკომოტივის” ჭაბუკთა ლიგის გუნდი ჩავიბარე, გადანაცვლებები მოვახდინე შემადგენლობაში. უკმაყოფილო არ ვარ, ჩვენი გუნდის სამი ფეხბურთელი ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში მოხვდა.

- ბევრს გაუკვირდა, ჭაბუკთა ლიგის გუნდის მწვრთნელობას რომ დათანხმდით.

- მეც მიკვირს, მაგრამ ვისთვის როგორ. ჭაბუკთა მწვრთნელობა უმნიშვნელოვანესი საქმეა და არანაკლებ საპასუხისმგებლო, ვიდრე უფროსების. როგორც ფეხბურთელს, მწვრთნელსაც სჭირდება ფორმაში ყოფნა. სახლში რომ ვმჯდარიყავი, ამით რას მოვიგებდი? თუმცა “ლოკომოტივის” ამ ასაკის გუნდში დროებით ვმუშაობ, მაისამდე. იოლი სამწვრთნელო გზა არასოდეს მქონია, სულ კონკურენციაში ვიყავი და ვფიქრობ, ეს გამოცდილების მომტანია.

- თქვით, “ლოკომოტივის” გარდა არავინ შემხმიანებიაო. რაც “ტრაბზონსფორიდან” წამოხვედით, მას შემდეგ სხვა შემოთავაზება არ გქონიათ?

- იყო წინადადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელობაზე, თუმცა წინადადება არ იყო ჩემი გამოცდილებისა და სტაჟის შესაბამისი. არც ფინანსურად, თუმცა ფული ამ შემთხვევაში ნაკლებად თამაშობდა როლს.

- კონკრეტულად რომელ ასაკობრივ ნაკრებზე იყო საუბარი?

- დაკონკრეტებას მოვერიდები, რადგან იმ ნაკრებს უკვე ჰყავს მწვრთნელი.

- “ლოკომოტივი” ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდების წარმოჩენას და საერთოდ, როგორი ატმოსფეროა კლუბში, რას იტყვით ხელმძღვანელობაზე?

- კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან კარგი და საქმიანი ურთიერთობა მაქვს. მას სწორი ხედვა აქვს და მადლობას გადავუხდი ნდობისთვის.

- “ლოკომოტივზე” თქვით და საინტერესოა, “საბურთალოსთან” როგორი ურთიერთობა შეინარჩუნეთ?

- ასევე მშვენიერი. თავს არ ვიქებ, მაგრამ “საბურთალოში” ნამდვილად ეფექტურად ვიმუშავე. თავის დროზე მე, გია ცეცაძე, თემურ ფოცხვერია და ცხონებული ვანო ლუცენკო რომ მივედით “საბურთალოში”, კლუბს არცერთი ფეხბურთელი არ ჰყავდა ნაკრებში. ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში “საბურთალოში” გაზარდნენ ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, ლაშა პარუნაშვილი, დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, ბაჩო არაბული, მამუკა კობახიძე და ბევრი სხვაც, რომლებიც ქართულ ფეხბურთში კარგი კუთხით გამოჩნდნენ. რაც “საბურთალოდან” წამოვედი, კლუბმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელიღა გაყიდა უცხოეთში. ეს ჯიმი ტაბიძეა. და ტაბიძეც მე ჩამოვიყვანე ზუგდიდის “ბაიადან”, თბილისში ოჯახის წევრივით მყავდა. ეს არის ფაქტი, მე არაფერს ვიგონებ – მართლაც არავინ გაუყიდიათ.

- და რატომ წახვედით “საბურთალოდან”?

- სხვადასხვა საფეხბურთო ხედვის გამო. ვითხოვდი წელიწადში ორჯერ 8-კვირიან შეკრებას, კლუბი კი უარზე იყო, ზედმეტიაო. ჩემი ნათქვამი არასწორად მიიღეს, გეგონება, რაიმე განსაკუთრებული პრეტენზიები მქონდა. სხვათა შორის, ასევე არასწორად გაიგო წინა ფედერაციამაც, რა საჭიროა 8-კვირიანი შეკრებაო. არადა, სფფ-ის აკადემიის გუნდები რომ ჩამოაყალიბეს, იქ ჩამოსულმა შვეიცარიელმა მწვრთნელმა თქვა, საჭიროა ხანგრძლივი შეკრებებიო და როგორც იცით, აკადემიის ბავშვები სულ იქ ცხოვრობენ შაბათ-კვირის გარდა. შვეიცარიელის ნათქვამი სწორად ჩათვალეს და მეც იგივეს არ ვამბობდი?! აუცილებელად უცხოელმა უნდა თქვას, რომ დაუჯერო? კარგად იცით, რა შედეგი მოიტანა ფედერაციის აკადემიის ბავშვების ერთად ყოფნამ, მათ აშკარა პროგრესი განიცადეს.

- გასაგებია. ადრე ინტერვიუში გვითხარით, შოთა არველაძისა და ჩემი შეთანხმება ძალაშიაო, ანუ სადაც შოთა დაინიშნება მწვრთნელად, მის თანაშემწედ ვიმუშავებო. ბოლო პერიოდში არ ჰქონია არველაძეს წინადადებები?

- შოთა ჩემი მეგობარია, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ჩემზე ახლო მეგობრებიც ჰყავს. იმის თქმა მინდა, მეგობრობაზე რომ იყოს, ჩემზე ახლობლები სხვები ჰყავს და მათ წაიყვანდა. ისე, ჩემი ოცნების პიკი მეორე მწვრთნელობა ნამდვილად არაა. ასისტენტობას იმიტომ ვთანხმდები, რომ უცხოურ გუნდში გამოცდილება მივიღო და შემდეგ უცხოეთის რომელიმე სხვა გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდე. ჯერ არ მქონია ამის გამოცდილება.

- ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე გვითხარით თქვენი აზრი. რამდენად მოგეწონათ და რას შეცვლიდით?

- კარგად არ გავცნობილვარ. დაწერილი ერთია და როგორ შესრულდება – ეს მეორე. მოდით, მოქმედებაში ვნახოთ ეს პროგრამა და მერე შევაფასოთ. ჯერ ადრეა. მთავარია, განსხვავებული აზრი მტრობად არ მიიჩნიონ, რაც ხშირად ხდება საქართველოში. აქ თავი თუ არ დაუქნიე ყველაფერზე, უკვე ეჭვის თვალით გიყურებენ, რაც არასწორია. ამას საერთოდ ვამბობ და არა კონკრეტულად ფედერაციის ხელმძღვანელობაზე.

- 1993 წელს დაბადებულთა ნაკრები, რომელსაც თქვენ წვრთნიდით, დღევანდელი 17-წლამდელთა ნაკრებისგან განსხვავებული იყო. გყავდათ გამორჩეული ინდივიდუალისტები. რატომ იკლო საქართველოში ასეთი ფეხბურთელების რიცხვმა?

- სულ ვცდილობდი, რომ ინდივიდუალისტებზე გამეკეთებინა აქცენტი. როცა დავინახავდით ინდივიდუალისტს, მასთან მუშაობას ვიწყებდით ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. სუსტი იყო? არ ვეშვებოდით, მაინც მივყვებოდით, ინდივიდუალურად ვმუშაობდით თითოეულთან.

- იმ თაობიდან ერთ-ერთი გიორგი ჭანტურიაა. როგორ დაახასიათებდით მას და გჯერათ, რომ უფრო ძლიერად, უფრო მაღალ დონეზე ათამაშდება?

- მიხარია, რომ ფეხზე დგება და ბოლო პერიოდში პროგრესირებს. დარწმუნებული ვარ, ჭანტურია უკეთესი გახდება, ვიდრე დღეს არის. ნიჭი არსად ქრება, გიორგი კი ძალიან ნიჭიერია. ალბათ იმას გულისხმობთ, რომ 16-17 წლის ასაკში რა ავანსებიც მასზე გაიცემოდა, ვერ გაამართლა. ეტყობა, რაღაც ჩვენ დავაკელით და უფრო მეტად უნდა გვემუშავა მენტალური კუთხით. სხვათა შორის, “ლოკომოტივის” ჭაბუკთა გუნდში ამაზე ბევრს ვმუშაობთ.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.127667
სარეკლამო ადგილი - 99
X x X