FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, „ფერარიმ“ ძრავის სრულყოფისთვის გამოყოფილი ყველაზე მეტი ტოკენი (პირობითი ქულა) გამოიყენა. 2016 წლის სეზონისთვის, ძრავების მწარმოებელთა განკარგულებაში 32 ტოკენია.
აქედან მარანელოელებმა უკვე აითვისეს 23 ტოკენი და მათ მხოლოდ 9-ღა დარჩათ, რაც სეზონის განმავლობაში, ძრავის გაუმჯობესების შესაძლებლობას შეამცირებს. „ჰონდას“ და „მერსედესს“ შესაბამისად, 18 და 19 ტოკენი აქვთ ათვისებული. ყველაზე ნაკლები, 7 ტოკენი „რენომ“ გამოიყენა. შესაბამისად, ფრანგულ კომპანიას განვიტარების მეტი რესურსი აქვს დარჩენილი.
ყოველივეს მიუხედავად, „რენო“ და მისი ძრავების მომხმარებელი „რედ ბული“ კმაყოფილები არიან ძრავის მუშაობით და სიმძლავრით. თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ სიმძლავრე კონკურენტულობისთვის საკმარისი ჯერ არ არის.
გუნდების მიერ ათვისებული ძრავის სრულყოფის ტოკენები
ფერარი 23 (9 დარჩა)
ჰონდა 18 (14 დარჩა)
მერსედსი 19 (13 დარჩა)
რენო 7 (25 დარჩა)







