ფეხბურთი

10:25 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის მორიგი რეკორდი და გადადებული ოცნება

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა მორიგი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ 38 წლის კიპერისთვის მიუნხენის “ბაიერნთან” (2:4) მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსის” მაისურით 90-ე იყო და ამ მაჩვენებლით “ბებერი ქალბატონის” ისტორიაში საუკეთესო გახდა. მან ალესანდრო დელ პიეროს შედეგი გააუმჯობესა.

ჯიჯიმ თამაშის შემდეგ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ დღესდღეობით “იუვენტუსი” “ბარსელონას” დონის კლუბია.

“ფეხბურთი ეპიზოდებისგან და გამოყენებული მომენტებისგან შედგება. მათ რაც შექმნეს გაიტანეს, სამწუხაროდ. ორი ბურთით დავწინაურდით, მაგრამ 90-ე წუთზე ყველაფერი დაგვეკარგა.

ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით. ამ მარცხმა დაასტურა, რომ გასულ წელთან შედარებით გავიზარდეთ. შეგვეძლო ამ ბარიერის გავლა, თუმცა თავაწეულები დავმარცხდით. ჩვენ იმ ორ-სამ გუნდს შორის ვართ, რომლებიც დღეს “ბარსელონას” სიმაღლეზე იმყოფებიან”, - თქვა ბუფონმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ჯიჯის ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. არადა, იგი ხშირად ამბობს, რომ მისი ოცნება სწორედ ლიგის თასის აღმართვაა. ლეგენდარულ მეკარეს მინიმუმ გაისამდე მოუწევს მოცდა...

0.495999