მაშ ასე, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. აქამდე ცნობილ 6 გუნდს დღეს კიდევ ორი, “ბარსელონა” და “ბაიერნი” შეუერთდა.
თავიდან მიუნხენური თამაშით დავიწყოთ. უფრო სწორად ის, რაც “ალიანს” არენაზე” ხდებოდა თამაში ნაკლებად იყო – უფრო სპექტაკლი ორი უდიდესი და ძალიან მაღალი დონის გუნდთა შესრულებით. ალბათ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრა თამამად დაამშვენებდა ფინალს და ბედის მუხთლობა რომ არა, ასე ნაადრევ ეტაპზე ერთი მათგანის ტურნირიდან გამოთიშვა მართლაც საწყენი გახლდათ.
მოგეხენებათ, სამი კვირის წინ ტურინში, “იუვემ” მეტოქეს ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა და განგებამ გერმანელებს ვალი შინ დაუბრუნა.
თამაშის დაწყება და ტურინელთა გოლი ერთი იყო – სამი ხედირას გადაცემის შემდეგ სტეფან ლიხშტაინერთან ორთაბრძოლისას მანუელ ნოიერი და დავიდ ალაბა ერთდროულად შეცდნენ, ბურთი პოლ პოგბას მიუვიდა და მანაც ცარიელ კარში გაიტანა – 0:1. ამის მერეც უპირატესობას მასიმილიანო ალეგრის გუნდი ფლობდა. საერთოდ პირველ ტაიმში იტალიელი სპეციალისტის მონახაზმა აშკარად გაამართლა და “ბაიერნს” არაფერი გამოსდიოდა. მეტიც, 28-ე წუთისთვის გერმანიის ჩემპიონი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. გოლი კი, ისეთი გამოვიდა, რის გამოც ფეხბურთი ნომერ პირველი სახეობაა მსოფლიოში. ალვარო მორატამ ლამის მთელი “ბაიერნი” გააცურა, დიდებული პასი ხუან კუადრადოს გაუკეთა და კოლუმბიელმაც თავისი ტექნიკური არსენალი ჩააქსოვა ამ ეპიზოდში. ფილიპ ლამი გაზონზე გაასრიალა, და მაშინ დაარტყა, როცა საჭირო იყო – 0:2.
“იუვე” არც ამის შემდეგ გაჩერებულა და მესამე გოლის გატანა არაერთხელ შეეძლო. ზედ ტაიმის ბოლოს იმავე კუადრადოს ორი მეტრიდან ნოიერმა საოცარი ბურთი აუღო, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ორწუთიან ინტერვალში მორატას ორჯერ არ გაუმართლა და “რეკორდმაისტერი” აშკარა გოლებს გადაურჩა.
მერე, 72-ე წუთი დადგა და ალეგრიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: მოედანზე უდავოდ საუკეთესო მორატა გაიყვანა და მარიო მანჯუკიჩი შეიყვანა, რომელიც ესპანელივით სახიფათოდ ვერ მოქმედებდა. ზუსტად ერთ წუთში კი “ბაიერნი” თამაშში დაბრუნდა. დუგლას კოშტას ჩაწოდების მერე ლეონარდო ბონუჩის ჩაეძინა, რობერტ ლევანდოვსკი კი ასეთ შანსს ხელიდან რომ არ უშვებს, ყველამ კარგად იცის. მიუხედავად გოლისა, მასპინძლებს თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად კიდევ ერთხელ უნდა გაეტანათ და გაიტანეს კიდეც... 90-ე წუთი ამოწურული იყო, როცა პატრის ევრამ ბურთი იქ დაკარგა, სადაც თავმოყვარე ფეხბურთელმა არ უნდა დაკარგოს, ხოლო კონგსლი კომანის ჩაწოდებას ტომას მიულერის თავური მოჰყვა. აქ უკვე ტურინელთა მეორე ცენტრალური მცველი ანდრეა ბარძალი შეცდა, რომელსაც ბურთი თავზე გადააფრინდა – შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა.
პირველი 15 წუთი შედარებით მშვიდი გამოვიდა, დიდად არც “ბაიერნი” უტევდა, ხოლო ალეგრის გუნდი ფსიქოლოგიურად აშკარად გატეხილი გახლდათ. სამაგიეროდ, მეორე 15 წუთეულში მოხდა ის, რის გამოც “ბაიერნი” მსოფლიოში ყველაზე უდრეკ გუნდად მიიჩნევა. მესამე გოლი ტიაგო ალკანტარამ შეაგდო. კომბინაცია კი ფურცელზე დახაზულ ნამუშევარს წააგავდა. ფაქტი იყო, სტუმრები ვერაფერს შეცვლიდნენ. მათ კუბოში ბოლო ლურსმანი კი კომანმა ჩააჭედა. გოლიც ასეთი გამოვიდა. ფრაგნმა მთელი მოედანი მანამდე გაირბინა, სანამ ბუფონს ულამაზესი ბურთი არ ჩაუხვია და ყოფილ გუნდზე, სადაც მას თითქმის შანსს არ აძლევდნენ, ჯავრი მთლიანად იყარა.
საბოლოოდ, “ბაიერნი” მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო შარშანდელ ფინალისტს მომდევნო სეზონისთვის გადაედო ოცნება. ისე კი, ამ წყვილიდან გამარჯვებულს თამამად შეეძლო ანდაც შეუძლია ლიგის თასის მოგება.
ცოტა უცნაურია და ალბათ, ბევრს უკმარისობის გრძნობა დაეუფლა. მაშინ, როცა სხვა მერვედფინალურ წყვილებში “ბენფიკა” – “ზენიტი”, “ვოლფსბურგი” – “გენტი” არკვედნნე ურთიერთობას და ამის ფონზე ისეთი შემართული გუნდი დარჩა მეოთხედფინალს, როგორც “იუვენტუსია”. სხვა საკითხია, რომ თავის ქვეჯგუფში თავის დროზე ვერ იპირველა... და მაინც, იქნებ დროა უეფაში პლეი-ოფის ეტაპზე გუნდების დაწყვილების წესს გადახედონ, რადგან ზემოხსენებული ფაქტები ფეხბურთის სილამაზეს და ესთეტიკას ვნებს, თუმცა ახლა ამაზე საუბარი ადვილია, ურემიც გადაბრუნებულია...
რაც შეეხება თვითონ თამაშს, მისი გმირი პეპ გვარდიოლა და კონგსლი კომანი გახდნენ. მართალია, კატალონელმა სპეციალისტმა პირველი ტაიმი ვიზავისთან აშკარად წააგო, მაგრამ მერე პეპის დროულმა, გონივრულმა ცვლილელებმა შედეგი გამოიღო, თანაც ფანტასტიური. კომანმა კი, რომელიც მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა. საერთოდაც, სანამ ის მოედანზე არ იყო, “ბაიერნს” მეტოქის დაცვის მარცხენა ფლანგის გარღვევა ძალიან უჭირდა, ხოლო ნიჭიერმა ფრანგმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სამაგიეროდ, ალეგრიმ დიდი შეცდომა დაუშვა. შემადგენლობა სწორად შეარჩია, მაგრამ “იუვეს” ფეხბურთი 70-ე წუთის მერე აღარ უთამაშია. ცოტა გაუგებარი იყო მოედნიდან ჯერ სამი ხედირას, მერე კი ალვარო მორატას გაყვანა. ამ უკანასკნელს ყველაფერი გამოსდიოდა და მასპინძელ მცველებთან თამაში არ უჭირდა... ალბათ, ალეგრიმაც იჩქარა და ნაადრევად დაიჯერა ყველაფერი, თუმცა მთავარი გამორჩა: გერმანული მანქანა მწყობრიდან არასდროს გამოდის, შესაბამისად არასდროს ჩერდება და ნებდება...
“ბაიერნი” – “იუვენტუსი” 4:2 დ.დ (0:2) (მიმოხილვა)
მიუნხენი, “ალიანს არენა”
მაყურებელი: 70 000
“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, კიმიხი, ბენატია (ბერნატი 46), ალაბა; ალონსო (კომანი 60), ვიდალი; რიბერი (ტიაგო ალკანტარა 101), მიულერი, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“იუვენტუსი” (4-5-1): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა; კუადრადო (პერეირა 89), ხედირა (სტურარო 68), ერნანესი, პოგბა, ალექს სანდრო; მორატა (მანჯუკიჩი 72)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 პოგბა (5), 0:2 კუადრადო (28), 1:2 ლევანდოვსკი (73), 2:2 მიულერი (90), 3:2 ტიაგო ალკანტარა (108), 4:2 კომანი (110)
გაფრთხილება: კიმიხი (44), ვიდალი (48), ლევანდოვსკი (51), ტიაგო ალკანტარა (109), ბერნატი (112) – ხედირა (29), მორატა (38), ლიხშტაინერი (48), ბონუჩი (53), კუადრადო (71), პერეირა (103), სტურარო (112)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (8) – 16 (11) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
დღის მეორე მატჩში კი კატალონიის “ბარსელონამ” ლონდონში დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა. ნათელი იყო, რომ ამ ფორმაციის “ბარსასთან” არსენ ვენგერის არასტაბილურ “არსენალს” თამაში არ გამოუვიდოდა. ასეც მოხდა: პირველ ტაიმში ნეიმარმა წინ გაიყვანა ესპანური გრანდი. მართალია, მოჰამედ ელნენიმ მშვენიერი გოლი შეაგდო და გულის სიღრმეში “მეთოფეთა” ქომაგებს იმედი ჩაუსახა, თუმცა ამაოდ. სუარესმა და ლიონელ მესიმ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს.
სხვათა შორის, არგენტინელმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაზე საინტერესო რეკორდი დაამყარა – მესიმ “არსენალის” კარი მეცხრედ აიღო, ხოლო აქამდე ერთი გუნდის კარში ამ რაოდენობის გოლი ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს არ გაუტანია. მოკლედ, “ბარსელონა” მეოთხედფინალშია, თუმცა დღის მეორე მატჩის ჩრდილში აღნიშნული შეხვედრა აშკარად მოექცა.
რვავე მეოთხედფინალისტი ცნობილია: “რეალი”, “ბაიერნი”, “პარი სენ ჟერმენი”, “ვოლფსბურგი”, “ბენფიკა”, “მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო” – ახლა ყურადღება ნიონისკენ იქნება, სადაც აღნიშნული გუნდები დაწყვილდებიან.
“ბარსელონა” – “არსენალი” 3:1 (1:0) (მიმოხილვა)
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
მაყურებელი: 76 092
“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში, მასკერანო, მატიე, ალბა; ბუსკეტსი, რაკიტიჩი (არდა 77), ინიესტა (სერხი რობერტო 72); მესი, სუარესი, ნეიმარი
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი; ფლამინი (კოკელნი 45), ელნენი; ივობი (ჟირუ 73), იოზილი, სანჩესი; უელბეკი (უოლკოტი 73)
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0 ნეიმარი (18), 1:1 ელნენი (55), 2:2 სუარესი (65), 3:1 მესი (88)
გაფრთხილება: არდა (79) - ფლამინი (32), გაბრიელი (35), სანჩესი (50), ჟირუ (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 18 (4) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 7:7 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)