კალათბურთი

21:53 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ს საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სამუშაო ვიზიტი თბილისში

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ფიბა-ს საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეწვია. ლიუბომირ მანდიჩის ჩამოსვლის მიზეზი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელთათვის სემინარების ჩატარება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის დათვალიერება გახლდათ.

ფიბა-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ფედერაციის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს 16 მარტს სპორტის ახალ სასახლეში შეხვდა და მათ ის ახალი სისტემა წარუდგინა, რომელზეც 2018 წლიდან ფიბა გადადის.

მოგეხსენებათ, ეს ევროპის ჩემპიონატის ბოლო ციკლია, რომელიც ორწლიანია. 2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ხოლო მსოფლიოს პირველობისთვისა და ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურნირები ცალკე ჩატარდება. შესარჩევი ტურნირის მატჩები ნაცვლად აგვისტო-სექტემბერისა, მთელი წლის განმავლობაში – ნოემბერში, თებერვალში და ივნისში გაიმართება.

სწორედ ამ ახლებური სისტემის თანმდევი ცვლილებები და სხვა ორგანიზაციული თუ სტრუქტურული დეტალები გააცნო ლუბომირ მანდიჩმა ფედერაციის წარმომადგენლებს, რომლებთან შეხვედრამდეც ფიბა-ს ემისარმა სპორტის ახალი სასახლე და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზები დაათვალიერა, სადაც ევროპის 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩები უნდა გაიმართოს.

მოგეხსენებათ, ქართული კალათბურთის ისტორიაში საქართველო პირველად მასპინძლობს ფიბა-ევროპის ოფიციალურ შეჯიბრს, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ანდორის, გიბრალტარის, სომხეთის, უელსის, კოსოვოს და მალტას 18-წლამდე გოგონათა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ლიუბომირ მანდიჩმა მოინახულა ასევე ის სასტუმროები, რომლებშიც ამ ღონისძიებაში მონაწილე ნაკრებები იცხოვრებენ. ფიბა-ს წარმომადგენელმა დადებითი შეფასება მისცა როგორც სპორტულ, ისე სხვა სახის ინფრასტრუქტურას.

www.gbf.ge

0.140122