რაგბი

0:02 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე – მეხუთედ, ხმალაძე ზედიზედ მეორედ

საქართველოს საუკეთესო მორაგბედ მეხუთედ დასახელდა „ბორჯღალოსნებისა“ და ტოპ 14-ის „ტულონის“ მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასზე საუკეთესო თამაში აჩვენა. ის ტონგასთან და მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო ტურნირის დასრულების შემდეგ, ყველა გამოცემამ და რაც მთავარია - ორგანიზატორებმა, ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ სპორტის სამინისტრო მას წლის სპორტსმენად დაასახელებდა, მაგრამ გორგოძეს მხოლოდ სპეციალური პრიზი - წლის კაპიტანი ერგო. სამაგიეროდ, მორაგბეებმა „გულივერს“ გარჯა სათანადოდ დაუფასეს და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალურმა სპონსორმა თიბისიმ მას სპეციალური პრიზი, საათი გადასცა, რომელზეც მამუკა გორგოძის ინიციალებია ამოტვიფრული.

“ნატახტარმა” დააჯილდოვა 2014/2015 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი ლევან მაისაშვილი (ლელო-სარასენსი) და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი). ისინი საუკეთესოები 2013/2014 წლების სეზონის შემდეგაც გახდნენ. საუკეთესო ქალ მორაგბედ ანა პოღასიანი აღიარეს. კუთვნილი ჯილდოები 2,5 თვის დაგვიანებით მიიღეს გასული სეზონის საქართველოს საუკეთესო მელელოვე ირაკლი გეგენავამ (ყოჩები, 10 ლელო) და საუკეთესო მექულე თემურ სოხაძემ (ყოჩები, 203 ქულა).

ტრადიციულად, დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც ასე გამოიყურება: 15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), 14. ირაკლი გეგენავა (ყოჩები), 13. გიორგი ფრუიძე (აია), 12. თორნიკე ცერცვაძე (ლელო-სარასენსი), 11. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი); 1. ბაჩანა გოგიშვილი (ყოჩები), 2. გიორგი ლომთაძე (ლელო-სარასენსი), 3. დავით გურგენაძე (არმია), 4. მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩები), 5. სანდრო ქოიავა (ლელო-სარასენსი), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 7. დავით ლოსაბერიძე (აია), 8. ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩები).

სპეციალური პრიზი - რაგბის პოპულარიზაციისთვის ჩვენმა კოლეგა ლევან ჯობამ მიიღო, რომელიც შარშან, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას სოფელ-სოფელ დადიოდა და უმეტესად მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს რაგბის აზიარებდა.

მანამდე ტრადიციულად იყო საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორების დაჯილდოება - „ყოჩები“ (III ადგილი), „ლოკომოტივი“ (II ადგილი) და „ლელო-სარასენსი“ (ჩემპიონი). ასევე დაჯილდოვდნენ პირველი ლიგის გამარჯვებული „აკადემია“ და დუბლშემადგენლობის გათამაშების მომგები „ლელო-სარასენსი“. ასევე ტრადიციისამებრ, დაჯილდოვდნენ ის ვეტერანები, რომელთაც 2015 წელს მრგვალი თარიღი ჰქონდათ - 70, 60, ან 50 წელი შეუსრულდათ და რა თქმა უნდა, პატივი მიაგეს გასულ წელიწადში გარდაცვლილ ვეტერან მორაგბეებს.

www.worldrugby.ge

0.212765