დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდება. მანჩესტერში, ადგილობრივი “სიტი” კიევის “დინამოს” დაუხვდება და მომდევნო ეტაპის საგზურის ოფიციალურად მოპოვებას ეცდება, ხოლო მადრიდში, “ატლეტიკო” და “პსვ ეინდჰოვენი” გაარკვევენ ურთიერთობას.
“მანჩესტერ სიტიმ” სამი კვირის წინ კიევსი 3:1 მოიგო და ორმატჩიანი რაუნდი ფაქტბრივად მოგებული აქვს. სხვათა შორის, მანუელ პელეგრინის გუნდი ისტორიული მიღწევასთან ძალიან ახლოსაა; საქმე ისაა, ომ “სიტი” აქამდე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არასდროს გასულა. საერთოდ, “ქალაქელებმა” მიმდინარე სეზონში ერთი ტიტული, ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგეს და ახლა მთელი ყურადღება სწორედ ლიგისკენ აქვთ გადმოტანილი, რადგან პრემიერლიგაში ამ გუნდის საქმეები არცთუ სახარბიელოდ მიდის. ბოლო ხუთი თამაშიდან მანჩესტერელებმა სამი წააგეს და შედეგიც შესაბამის აქვთ – მეოთხე ადგილი და თითქმის ნულს გატოლებული საჩემპიონო შანსები.
კიევის “დინამო” კი, შიდა ჩემპიონატში ბრწყინვალედ თამაშობს და პირველ ადგილზეა. უკრაინის “პარი მატჩი” ორი კვირაა რაც განახლდა, ხოლო სერგეი რებროვის გუნდმა ორჯერვე მოიგო. რაც შეეხება ლიგის გათამაშებას, იმის ფონზე, რომ “დინამო” პლეი-ოფში 16 წლის მერე გავიდა, მერვედფინალიდან გავარდნა ამ გუნდისთვის კატასტროფა არ იქნება, შეიძლება ითქვას, პირიქით...
რაც შეეხება დანაკლისს, ინგლისელებს დღეს დელფი და დე ბრუინე დააკლდებათ, ხოლო უკრაინელებს რიბკა, მორაეში, მოროზიუკი და პეტროვიჩი. ამასთან, დღეს გაფრთილების მიღების შემთხვევაში დანილო სილვა, ბუიალსკი, რიბალკა და კორზუნი მეოთხედფინალში ვერ ითამაშებენ. ასეთი საფრთხის წინაშე “სიტის” ფეხბურთელები არ იმყოფებიან.
მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “ადრინდელთან შედარებით ჩემი გუნდი ამ ტურნირზე გაიზარდა, რადგან სანამ მე მოვიდოდი, მერვედფინალში “სიტი” ნამყოფი არ იყო. ვფიქრობ, წელს უკეთესი შედეგები გვაქვს, იმიტომ რომ ჯგუფში პირვლ ადგილზე გავედით, ხოლო მეოთხედფინალთან ძალიან ახლოს ვართ.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, მომდევნო ეტაპის საგზური ჯერ კიდევ არ გაგვიფორმებია. ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს, რომელიც ასეთივე ფეხბურთს თამაშობს. დღეს საუკეთესო შემადგენლობას დავაყენებ და მხოოდ მოგებისთვის ვითამაშებთ”.
სერგეი რებროვი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ვიბრძოლებთ, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ და პირველი თამაშის მარცხი გადავფაროთ. ამიტომაც ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩვენ მაღალ რიტმში თამაშს ვაპირებთ 90 წუთის განმავლობაში და ვნახოთ რა მოხდება”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდინიო, ტურე; ნავასი, სილვა, სტერლინგი; აგუერო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
“დინამო” (4-5-1): შოვკოვსკი; ვიდა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ანტუნეში; ბუაილსკი, ველოზუ, გარმაში, გუსევი, იარმოლენკო; ტეოდორჩჟიკი
მწვრთნელი: სერგეი რებროვი
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)
დღის მეორე მატჩი გაცილებით საინტერესოა, რადგან მიუხედავად “ატლეტიკოს” ფავორიტობისა, გარკვეული ჯერ მაინც არაფერია. ჰოლანდიაში, “როხიბლანკო” და პსვ უგოლოდ გაიყარნენ და ახლა მეორე რაუნდის თამაშს ინტრიგა შენარჩუნებული აქვს. და მაინც, დიეგო სიმეონეს გუნდი მიუხედავად იმისა, რომ დღეს მხოლოდ მოგება აწყობს, ცალსახა ფავორიტია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან “ატლეტიკოს” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს, ხოლო მისი ვიზავი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და მათი უმეტესობაც ამ ტურნირზე პირველად თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ ესპანურ გრანდს ბოლო რვა თამაშია არ წაუგია, მაგრამ მახრივ მას არც “ეინდჰოვენი” ჩამოუავრდება – ფილიპ კოკუს ბიჭებმა უკანასკნელი 25 მატჩიდან ერთადერთხელ იწვნიეს მარცხი.
დიეგო სიმეონეს თქმით, პსვ სახიფათო კონტრშეტევებზე და სტანდარტული სიტუაციების დროს იქნება. შესაბამისად, მისი შეგირდები ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ.
არგენტინელ სპეციალისტს დღევანდელ მატჩში ტიაგო და სავიჩი დააკლდება, პსვ კი პერეიროსა და პოულსენს მოისაკლისებს, თუმცა კოკუს წამყვანი ფორვარდი ლუკ დე იონგი უბრუნდება, რომელმაც პირველი თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
დღეს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საწყის შეხვედრაში ოლივერ ტორესი, ანდრეს გუარდადო და ბრუმა ვერ ითამაშებენ.
დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “ჩემი გუნდი კარგ კონდიციებშია. ბოლო თამაშები მაღალ დონეზე ჩავატარეთ და დრესაც ასე გვინდა ასპარეზობა. იმედია, გრიზმანი გააგრძელებს შედეგიან სერიას. ჩვენს მეტოქეზე ერთით მეტი გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ.
ვფიქრობ 4-3-3-ით თამაშზე. პსვ კონტრშეტევაზე სახიფათო გუნდია, ასევე სტანდარტულების ძალიან კარგად გამოყენება შეუძლია. დე იონგი მათთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
ფილიპ კოკუ (“პსვ ეინდჰოვენის” მთავარი მწვრთნელი): “გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ და მნიშვნელობა არ აქვს ეს როგორ მოხდება, თუნდაც პენალტების სერიით. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და მაქსიმუმი გავიღოთ. ადვილი არ იქნება მოგება, მაგრამ ამის გვჯერა. ბოლომდე ვიბრძოლებთ ფრის მისაღწევად ან მოსაგებად.
ჩვენ ბევრჯერ გვითამაშია დიდი გუნდების წინააღმდე პრესტიჟულ სტადიონებზე. შესაბამისად, ჩემს გუნდს “კალდერონის” ატმოსფერო ვერ დააბნევს, პირიქით”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საული, ო. ტორესი; გრიზმანი, ვიეტო
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
“პსვ ეინდჰოვენი” (4-3-3): ზუტი; არიასი, ბრუმა, მორენო, ვილემსი; პროოპერი, გუარდადო, ვან გინკელი; ნარსინგი, დე იონგი, ლოკადია
მწვრთნელი: ფილიპ კოკუ
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)