საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩი 29 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ნაცვლად, “დინამო არენაზე” გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ნაკრების ახალი მწვრთნელის წარდგენისას ისაუბრა.
“დაახლოებით ათი დღის წინ ვლადიმირ ვაისი თბილისში იმყოფებოდა, დაესწრო ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს, აკვირდებოდა ლეგიონერებს. მისივე თხოვნით, საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა თამაში “დინამო არენაზე” გაიმართება, რადგან მეტი ამხანაგური თამაში შესარჩევის დაწყებამდე, შესაძლოა, სახლში არ გვქონდეს. მინდა წარმატება ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ იგი საქართველოს ნაკრებს მოტივაციას შემატებს” - განაცხადა დავით მუჯირმა.
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დღეს ოფიციალურად დაინიშნა და კონტრაქტის მიხედვით, იგი გუნდს უახლოესი ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.