ბათუმმა კალათბურთში საქართველოს თასის 2015-2016 წლების სეზონის ნახევარფინალურ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა შორის მყოფი ,,ბათუმი“ და ,,სოხუმი“ დაუპირისპირდნენ.
ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, რადგან საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. პროგნოზმა არ გაამართლა და შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. პირველივე მეოთხედის შემდეგ ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები 8 ქულის სხვაობით 24:16 დაწინაურდნენ. იყო მომენტი, როდესაც ,,სოხუმის“ უპირატესობა 20 ქულასაც კი აღემატებოდა. „ბათუმი“ მოგვიანებით მეოთხე მეოთხედში გამოფხიზლდა , მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო და მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 87:82 ,,სოხუმის“ სასარგებლოდ.
სოხუმელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ამერიკელმა ლეგიონერმა უკანახაზელმა ფილიპ მილერმა შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 27 ქულა დააგროვა. მასპინძელთა შორის 22 ქულით ყველაზე შედეგიანი უკრაინელი ლეგიონერი ლეონიდ სტეფანიშინი იყო. ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი ,,ბათუმის“ მძიმე ფორვარდი აკაკი დვალიშვილი გახდა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა და 11 მოხსნაა.
ამრიგად, ,,სოხუმმა“ არსებობის განმავლობაში მეორედ მოახერხა საქართველოს თასის ფინალში გასვლა. მის მეტოქეზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან ჯერ მეოთხედფინალიც კი არ ჩატარებულა, სადაც ერთმანეთს ,,დინამო“ და ,,ვითა“ დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული კი ნახევარფინალში ,,რუსთავს“ შეხვდება. ,,დინამო“ -,,ვითას“ შეხვედრა 30 მარტს არის დაგეგმილი და თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.
,,ბათუმი“ - ,,სოხუმი“ 82:87
( 16:24, 22:23, 18:28, 26:12)